სტოკჰოლმმა დღეს ხელი მოაწერა ნატოში გაწევრიანების ფორმალურ განაცხადს, მას შემდეგ, რაც ერთი დღით ადრე ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების სურვილზე ოფიციალურად განაცხადა. სტოკჰოლმმა ეს ნაბიჯი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გაჩენილი უსაფრთხოების მიზეზებით ახსნა.
პარალელურად, მეზობელ ფინეთში პარლამენტი კენჭისყრისთვის ემზადება. დღეს კანონმდებლები ფინეთის ლიდერის გადაწყვეტილებას ნატოში გაწევრიანების თაობაზე, დიდი ალბათობით დაამტკიცებენ.
სკანდინავიის ამ ორ სახელმწიფოში სწრაფად დაიჭირეს თადარიგი დასავლურ ალიანსში გასაწევრიანებლად, მას შემდეგ, რაც რუსეთმა 24 თებერვალს მეზობელ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო.
ოფიციალურ დოკუმენტს ხელი შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ენ ლინდემ მოაწერა. განაცხადი ახლა ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს გადაეგზავნება. "ვფიქრობ, შვედეთისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღეთ" - განაცხადა ლინდემ დოკუმენტზე ხელის მოწერის შემდეგ.
შვედეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტო. ის დღეს შვედეთის პარლამენტს მიმართავს და თავის სიტყვაში ყურადღებას ალიანსში გაწევრიანებაზე გაამახვილებს.
„ევროპა, შვედეთი და შვედი ხალხი, ახალ და საშიშ რეალობაში ცხოვრობენ“, თქვა ერთი დღით ადრე შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა. შვედეთმა თითქმის 200 წლიანი ნეიტრალიტეტის პოლიტიკა შეცვალა, რაც იმას გულისხმობდა, რომ ქვეყანა არ გახდებოდა რომელიმე სამხედრო ალიანსის წევრი.
ორშაბათს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მან დასავლეთი გააფრთხილა, რომ თუ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი შვედეთის და ფინეთის სამხედრო ინფრასტრუქტურის გაძლიერებას დაიწყებს, რუსეთისგან პასუხი იქნება. თუმცა რუსული მხარის რიტორიკა შეიცვალა. საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თქვა, რომ აღნიშნული “ბევრს არაფერს ცვლის”.
ნატო - ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი - 1949 წელს დაარსდა. მისი დაფუძნება საბჭოთა კავშირის საფრთხის შეკავებისა და მეზობლად მყოფი ევროპის ქვეყნების უსაფრთხოების და თავდაცვის უზრუნველყოფის მიზნით მოხდა. ალიანსში ახლა 30 წევრი ქვეყანა ერთიანდება. დასავლეთი იმეორებს, რომ ნატო მხოლოდ თავდაცვითი ხასიათის ალიანსია და ის საფრთხეს არავის უქმნის.
Facebook Forum