თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა დღეს თქვა, რომ შვედეთის და ფინეთის დიპლომატიურ მისიებს შეუძლიათ თავი არ შეიწუხონ თურქეთში ჩასვლით, რათა ანკარა დაარწმუნონ მათი ნატოში გაწევრიანების აუცილებლობაში. თურქეთმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ამ ნაბიჯს არ ემხრობა და მიზეზად სკანდინავიურ ქვეყნებში ტერორისტების სიმრავლე დაასახელა.
შვედეთის და ფინეთის მთავრობებმა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრობა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გადაწყვიტეს. ოფიციალური განცხადება ნატოში ფორმალური განაცხადის შეტანის თაობაზე ჯერ კვირას ფინეთმა, დღეს კი შვედეთმა გაახმოვანა.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, ერდოღანმა გაიმეორა, რომ ანკარა ნატოში მათი გაწევრიანების მომხრე არ იქნება. თურქეთის პრეზიდენტმა შვედეთს ტერორისტული ორგანიზაციების "ინკუბატორიც" კი უწოდა, სადაც ტერორისტებს პარლამენტში ირჩევენ. "ამ ქვეყნებიდან არცერთს არ აქვს გამოკვეთილი, ღია პოლიტიკა ტერორისტული ორგანიზაციების მიმართ... როგორ შეგვიძლია მათი ნდობა" - კითხულობს ერდოღანი.
ორშაბათსვე, ცოტა ხნით ადრე, შვედეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფინეთთან ერთად, დიპლომატთა დელეგაციებს მოსალაპარაკებლად თურქეთში გააგზავნის. "რისთვის მოდიან, რომ გადაგვაფიქრებინონ? მაპატიეთ, მაგრამ ამისთვის თავს არ უნდა იწუხებდნენ" - თქვა დღეს პრეზიდენტმა ერდოღანმა და დასძინა, რომ ამ ორი ქვეყნის მიღებით ნატო გადაიქცევა ორგანიზაციად, რომელშიც "ტერორისტები მოიყრიან თავს".
ანკარის პრეტენზიები ძირითადად ფინეთის და შვედეთის მიერ თურქეთიდან ქურთი დევნილების შეფარებით არის განპირობებული. ქურთისტანის მუშათა პარტიას თურქეთი ტერორისტული დაჯგუფების კლასიფიკაციას ანიჭებს და მას თურქეთიდან ამერიკაში გახისნულ ფეთულა გიულენთან ერთად 2016 წლის გადატრიალების მცდელობაში დებს ბრალს.
Facebook Forum