სომხეთის დედაქალაქში მიმდინარე აქციას სტუდენტებიც შეუერთდნენ. დემონსტრაციები ერევანში პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით იმართება და მათი ლიდერია სომეხი არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი. დემონსტრანტები ბლოკავენ ერევნის ქუჩებს და აპროტესტებენ სომხეთის მთავრობის ტერიტორიულ შეთანხმებას აზერბაიჯანთან.
10 მაისს, მას შემდეგ, რაც ერთი დღით ადრე, ერევნის ცენტრალურ მოედანზე ათიათასობით მოქალაქე შეიკრიბა, გალსტანიანმა უნივერსიტეტების სტუდენტებს ფაშინიანზე ზეწოლისკენ მოუწოდა, რათა იგი თანამდებობიდან გადადგეს. გალსტანიანი სომხეთის ეკლესიის ტავუშის ეპარქიას ხელმძღვანელობს.
"ჩვენ ვესაუბრეთ პარლამენტის წევრებს. ისინი მზად არიან, გააგრძელონ ეს პროცესი, ის იურიდიულად დაასრულონ და შემდეგ საჭირო იქნება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის პოვნა და, სავარაუდოდ, სახელი გამოცხადდება", - თქვა გალსტანიანმა.
დემონსტრაციების ერევანში გამართვამდე, გალსტანიანი ხელმძღვანელობდა ჩრდილოეთის ტავუშის რეგიონში მდებარე სასაზღვრო სოფლიდან ერევნისკენ დაძრულ საპროტესტო მსვლელობას. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ საზღვრის დემარკაციის შეთანხმებას - ამ დოკუმენტით იკარგება კონტროლი ოთხ სოფელზე, რომლებიც საბჭოთა დროს აზერბაიჯანის ნაწილად ითვლებოდა, თუმცა 1990-იანი წლებიდან მათ სომხეთი აკონტროლებდა.
სასაზღვრო შეთანხმებას მიესალმნენ შეერთებული შტატები და ევროკავშირი, ასევე - ფაშინიანი, რომელსაც ოპოზიცია ტერიტორიის ყოველგვარი გარანტიების გარეშე დათმობაში სდებს ბრალს.
Facebook Forum