შეერთებული შტატების ორმოცდაათი სენატორი, რომლებიც სენატის წევრთა ნახევარს წარმოადგენენ, აცხადებს, რომ შეერთებული შტატების მიერ იარაღით ვაჭრობის ხელშეკრულების რატიფიცირებას არ მოახდენს. ამ სიუჟეტში ამერიკის ხმის კორესპონდენტი ანდრე დე ნეშნერა ამ დადგენილების დეტალებზე და სენატში მისი დამტკიცების შანსებზე მოგვითხრობს.
იურიდიულად გაფორმებული შეთანხმება საერთაშორისო სტანდარტებს აწესებს ჩვეულებრივი შეიარაღების ექსპორტ-იმპორტზე და გადატანაზე ისეთი სახეობის იარაღზე, როგორიცაა ტანკი, საბრძოლო ხომალდები და ვერტმფრენები, ავტომატები და მსუბუქი იარაღი.
ორგანიზაცია „ოქსფამის“ შეიარაღების კონტროლის ჰუმანიტარული ჯგუფის ხელმძღვანელი ენ მაკდონალდი ამბობს, რომ შეთანხმებაში ასევე საბრძოლო შეიარაღებაც იგულისხმება.
ენ მაკდონალდი: საბრძოლო მასალა მართლაც მნიშვნელოვანია, ვინაიდან იარაღს ხშირად დროდადრო გადახალისება სჭირდება და ეს აფრიკაში კონფლიქტის დროს იგრძნობა. საბრძოლო მასალის გარეშე იარაღი ნაკლებად ლეტალურად ითვლება. რამდენიმე კონფლიქტის დროს საბრძოლო მასალის მიწოდება სიტყვასიტყვით საწვავის ფუნქციას ასრულებს, რომელიც კონფლიქტის გაგრძელებას ეხმარება.
გასული წლის აპრილში გაერომ იარაღით ვაჭრობის შეთანხმება 154 ხმით სამის წინააღმდეგ მიიღო, 23-მა ქვეყანამ კი თავი შეიკავა. ქვეყნები, რომლებმაც ამ პაკტის წინააღმდეგ მისცეს ხმა ირანი, ჩრდილოეთ კორეა და სირია იყვნენ.
კერძო კვლევითი ორგანიზაციის - „შეიარაღების კონტროლის ასოციაციის“ თავმჯდომარე დერილ კიმბელი აცხადებს, რომ ეს შეთანხმება ჩვეულებრივი შეიარაღების საერთაშორისო რეგულაციის სფეროში ბევრ სადავო საკითხს აწესრიგებს.
დერილ კიმბელი: ბევრ ქვეყანას იარაღის ექსპორტის კონტროლის საშუალება არ აქვს. მათ აქვთ მიღებული კანონი, თუმცა მათი სისრულეში მოყვანის შესაძლებლობა არ გააჩნიათ. და საბოლოოდ, უკანონო ვაჭრობის საკითხი, შავი ბაზარი, რომელიც მეთვალყურეობის გარეშეა, მათი ექსპორტი სხვადსხვა ხელისუფლების მხრიდან-კონტროლს ვერ ექვემდებარება. ამდენად, ეს შეთანხმება აუცილებელია იმისათვის, რომ გლობალური სტანდარტები დაწესდეს, რომელიც ყველა ქვეყნისთვის მისაღები გახდება. იარაღის უკანონო მიმწოდებლებს და მყიდველებს ამ შეთანხმების დარღვევის საშუალება აღარ ექნებათ.
„ოქსფამის“ წარმომადგენელი ენ მაკდონალდი აცხადებს, რომ ამ შეთანხმებას მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დანიშნულებაც აქვს.
ენ მაკდონალდი: პირველ რიგში, ეს ქმნის გლობალურ სისტემას, რომელიც მოითხოვს, რომ ქვეყნების მთავრობებმა კონტროლი გაუწიონ ყველა იმ იარაღის სახეობას, რომელიც ქვეყნიდან გადის, შემოდის ან კვეთს ამა თუ იმ ქვეყნის საზღვარს. მათ უნდა შეაფასონ, რომ იარაღის გადატანა რისკის ქვეშ არ აყენებს ადამიანის უფლებებს და არ არღვევს ჰუმანიტარულ კანონმდებლობას. თუკი ეს რისკები რეალურია, მაშინ ქვეყნებმა იარაღის გადაცემაზე უარი უნდა განაცხადონ.
110 ქვეყანაზე მეტმა, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა ივნისის შემდეგ შეთანხმებას ხელი უკვე მოაწერეს. თუმცა მათგან მხოლოდ შვიდმა ქვეყანამ მოახდინა მისი რატიფიცირება.
შეერთებულ შტატებში მოქმედი იარაღის მფლობელთა უდიდესი ლობისტური კომპანია „იარაღის ეროვნული ასოციაცია“ შეთანხმების მიმართ საწინააღმდეგო პოზიციას აფიქსირებს. ასევე რატიფიცირების წინააღმდეგია სენატის ნახევარი- 50 კანონმდებელი. იმისათვის, რომ შეთანხმების რატიფიცირება მოხდეს მას 67 სენატორის თანხმობა სჭირდება.
ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ჩვეულებრივი იარაღით ვაჭრობის შეთანხმება იმ ამერიკელების ინტერესებს ეწინააღმდეგება, რომელთაც იარაღის ტარების უფლება გააჩნიათ. ამ უფლებას მათ კონსტიტუციის მეორე შესწორება აძლევს, რომელიც ადამიანის გარანტირებული ინდივიდუალური უფლების ნაწილია.
თუმცა ამ მოსაზრებას ენ მაკდონალდი არ ეთანხმება, რომელიც აცხადებს, რომ შეთანხმება გლობალური მნიშვნელობისაა.
ენ მაკდონალდი: ეს არ ეხება იარაღის საშინაო კონტროლს. საკითხი საერთაშორისო გადატანას ეხება. ეს მნიშვნელოვანი ინფორმაციაა სენატორებისთვის, რომლებმაც უნდა გაიგონ მისი არსი. ვინაიდან ხშირად არასწორი ინფორმაცია ვრცელდება ამასთან დაკავშირებით, რომ თითქოს შეთანხმება რაღაცნაირად შეეხება შეერთებულ შტატებში იარაღის მფლობელთა უფლებებს. ეს არასწორია, ვინაიდან ამ შეთანხმებამ იარაღის მოძრაობის საერთაშორისო საკითხი უნდა მოაგვაროს. ამ შეთანხმების იმპლემენტაციისთვის შეერთებულ შტატებს კანონმდებლობის შეცვლა არ მოუწევს. ამერიკაში მოქმედი კანონი ბევრ საკითხში იარაღით ვაჭრობის შეთანხმებასთან შესაბამისობაში მოდის.
საბოლოოდ დერილ კიმბელი აცხადებს, რომ შეთანხმების ამოქმედებისთვის მხოლოდ შეერთებული შტატების მიერ შეთანხმების რატიფიცირება არ იქნება საკმარისი.
დერილ კიმბელი: ეს შეთანხმება ნამდვილად იმსახურებს რატიფიცირებას. თუმცა მხოლოდ შეერთებული შტატების რატიფიცირება არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ის ამოქმედდეს. ამისათვის საჭიროა 50 ქვეყნის მიერ მისი რატიფიცირება.
ბევრი ანალიტიკოსი აცხადებს, რომ შეთანხმების რატიფიცირებისათვის მის მომხრეებს სენატორების დასარწმუნებლად სერიოზული დავა მოუწევთ.