ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იარაღის კონტროლის პრობლემა


კალიფორნიის, ნიუ იორკის და მასაჩუსეტის შტატი ზოგიერთი ტიპის ცეცხლსასროლი იარაღის და ამუნიციის გაყიდვას კრძალავს

ამერიკაში თითოეულ შტატს იარაღზე კონტროლის განსხვავებული კანონმდებლობა აქვს. სანადირო, სპორტული, თუ თავდაცვითი დანიშნულების იარაღი მთელ ქვეყანაშია პოპულარული.

კალიფორნიის, ნიუ იორკის და მასაჩუსეტის შტატი ზოგიერთი ტიპის ცეცხლსასროლი იარაღის და ამუნიციის გაყიდვას კრძალავს. მათ შორისაა ავტომატური და სამხედრო დანიშნულების საიერიშო იარაღი. დანარჩენზე მყიდველები განაცხადის შეტანის შემდეგ 10 დღე იცდიან, რათა მთავრობამ მათ კრიმინალური ისტორია და მენტალური სიჯანსაღე შეუმოწმოს. კალიფორნია იარაღის თითოეულ მფლობელს არეგისტრირებს და 2014 წლიდან არამარტო პისტოლეტის და რევოლვერის, არამედ ყველა სახის თოფის მფლობელსაც აღრიცხავს.

ლოს ანჯელესის პოლიციის დეტექტივი, რიჩარდ ტომპკინსი ამბობს, რომ მეზობელ შტატებში კონტროლი ბევრად ნაკლებია.

ხალხი გვერდით შტატებში გადადის და იარაღი იქიდან შემოაქვს. ზოგს - უბრალოდ შეძენა სურს, მაგრამ არიან გადამყიდველებიც, რომლებიც მათ შემდეგ კალიფორნიის შტატში შავ ბაზარზე ყიდიან“ - ამბობს ის.

კალიფორნიის რეგულაციებით იარაღის შეძენა მხოლოდ ლიცენზირებული დილერის მაღაზიაში შეიძლება. ზოგიერთ შტატში ნებადართული ინტერნეტზე ვაჭრობა კი იარაღის კონტროლს ძალზე ართულებს - ამბობს დენიელ ვაისი, იარაღით ძალადობასთან მებრძოლი ბრედის ცენტრის დირექტორი.

„კოლორადოში ახლახან მომხდარმა ტრაგიკულმა ფაქტმა ბევრს აუხილა თვალი. ინტერნეტზე ათასობით იარაღის თუ ჯავშანჟილეტის ყიდვა შეიძლება. არც კრიმინალურ ისტორიას გიმოწმებენ, არც მენტალურ სიჯანსაღეს. რატომ ვაძლევთ ამის უფლებას ამერიკაში“? - კითხულობს ის.

იარაღის მფლობელი ამერიკელების უმეტესობა კანონმორჩილი მოქალაქე და პასუხისმგებლობის მქონე ადამიანია. მათ შორისაა ყოფილი რეინჯერი, კოლექციონერი ფრენკ შარპი. კოლორადოში მომხდარმა ფაქტმა ისიც შოკში ჩააგდო.

ამ საშინელების ენით გადმოცემა წარმოუდგენელია. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემნაირი ადამიანების კრიმინალებად გასაღება გამოსავალი იქნება. კინოთეატრში სხვასაც რომ ჰქონოდა იარაღი, სიტუაცია სხვაგვარად განვითარდებოდა“ - აღნიშნავს ის.

შტატებში კანონთა არათანმიმდევრულობა სერიოზულ პრობლემებს გვიქმნის - წუხს ლოს ანჯელესელი დეტექტივი:

ფედერალური, საერთო კანონმდებლობის გარეშე ძალიან გაგვიჭირდება“ - შენიშნავს პოლიციელი.

შეერთებული შტატების მთავრობა იარაღის კონტროლის ფედერალურ კანონმდებლობას საკმაოდ ზერელედ ეკიდება. მას მიაჩნია, რომ იარაღზე კონტროლის გამკაცრება ძალადობის შემცირებისთვის გამოსავალი არ არის. ამ თემაზე პოლემიკა ამერიკულ საზოგადოებაში კოლორადოს კინოთეატრში მომხდარი ფაქტის შემდეგ კვლავ აქტუალური გახდა და დებატები კიდევ დიდხანს გასტანს.

XS
SM
MD
LG