ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჟურნალისტის მკვლელობის საქმეში პასუხისმგებლობის საკითხი ისევ გაურკვეველია


თერთმეტი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ცნობილი რუსი ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია, რომელმაც ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დარღვევები და კრემლში არსებული კორუფცია ამხილა, მოსკოვში, თავისი საცხოვრებელი სახლის ლიფტში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

2014 წლის ივნისში, მკვლელობისთვის სასჯელი ხუთ პირს შეუფარდეს, თუმცა მისი მკვლელობიდან ათწლეულის შემდეგაც, დანაშაულის შემკვეთის ვინაობა უცნობია.

მისი მკვლელობის ბოლო წლისთავზე, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ჰეთერ ნაუერტმა რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა დაადგინოს და ბრალი წაუყენოს პირს ან პირებს, ვინც ეს შემზარავი დანაშაული შეუკვეთა, დაგეგმა და დააფინანსა.

ადამიანის უფლებების შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს, პოლიტკოვსკაიას ან სხვა ფართოდ ცნობილი ჟურნალისტების მკვლელობების საქმეებზე, როგორიც არის პაველ ხლებნიკოვი, რომელიც 2004 წელს მოსკოვში და ნატალია ესტემიროვა, რომელიც 2009 წელს ჩეჩნეთში მოკლეს, პასუხისმგებლობის დადგენის საკითხში პროგრესი არ აღნიშნულა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში აღნიშნავს, რომ მათი სამუშაოს გამო, რუსეთში, ჟურნალისტების დაკავება, თავისუფლების აღკვეთა, ფიზიკური თავდასხმა, შევიწროება და დაშინება გრძელდებოდა. სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ „ჟურნალისტები, რომლებიც ჩრდილოეთ კავკასიაში მუშაობდნენ ან მის შესახებ წერდნენ, მათი სამუშაოს გამო, ფიზიკური თავდასხმის განსაკუთრებული საფრთხის წინაშე რჩებოდნენ.“

ანა პოლიტკოვსკაიას გარდაცვალების წლისთავზე გაკეთებულ განცხადებაში, სპიკერმა ნაუერტმა დაწერა, რომ „ქალბატონ პოლიტკოვსკაიას რეპორტაჟებმა ნათელი მოჰფინა რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევებს და ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე ომის მსხვერპლთა ტანჯვას.“ მან აღნიშნა, რომ „ლგბტ პირების მიმართ არასათანადო მოპყრობის და ჩეჩნეთში ჩადენილი მკვლელობების შესახებ ბოლოდროინდელი ცნობები, ჩვენში ღრმა შეშფოთებას იწვევს, რომ ადამიანის უფლებების დარღვევები, ამ რეგიონში, ჯერ კიდევ მუდმივად და დაუსჯელად ხდება.“

სპიკერმა თქვა, „რუსეთში, ქალბატონ პოლიტკოვსკაიას, შეერთებული შტატების და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირის, და სხვა ჟურნალისტების გაუხსნელმა მკვლელობებმა, ასევე მუქარებმა იმ ჟურნალისტების მიმართ, ვინც ჩეჩნეთში ბოლოდროინდელ დარღვევებს ამხელს, დამოუკიდებელი პრესის დაშინების ატმოსფერო მხოლოდ გააუარესა.“

დასკვნიდან გამომდინარე, შეერთებული შტატები აღიარებს, რომ დემოკრატიული მმართველობისთვის და კანონის უზენაესობისთვის დამოუკიდებელი პრესა აუცილებელია. რუსი ხალხი იმსახურებს, რომ გამოხატვის თავისუფლება მისმა მთავრობამ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებად აღიაროს, რომელიც დაცული უნდა იყოს და არა აბუჩად აგდებული და განადგურებული.

ეს არის ამერიკის ხმის სარედაქციო წერილი, სადაც აშშ-ის მთავრობის პოზიციაა გამოხატული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG