ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჟურნალისტთა წინააღმდეგ დანაშაულის დაუსჯელობა


რუსეთის პრეზიდენტი პუტინი, თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი, საუდის არაბეთის მეფე სალმანი და ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" შედიან იმ ლიდერთა და ორგანიზაციათა სიაში, რომლებიც ჟურნალისტების თავისუფლებას ზღუდავენ და მათ წინააღმდეგ დანაშაულს ჩადიან. ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვების გარეშე“ ანგარიშში 35 ლიდერი და ორგანიზაცია მოხვდა, მათ შორის პოლიტიკოსები, რელიგიური ლიდერები, დაჯგუფებების და კრიმინალური ორგანიზაციების ლიდერები, რომლებიც პრესის წინააღმდეგ დანაშაულს ჩადიან. ორგანიზაციამ „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სია ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის დაუსჯელობის აღმოფხვრის დღესთან დაკავშირებით გამოაქვეყნა.

ზოგიერთ ლიდერს, მათ შორის ვენესუელის პრეზიდენტს, ნიკოლას მადუროს, ბრალი ედება „ცენზურის და ეკონომიკური სახსრების წართმევით“ ჟურნალისტების წინააღმდეგ ბრძოლა, მაშინ როდესაც "ისლამურ სახელმწიფოს" და აფრიკის დიქტატორებს პირდაპირ ედებათ ბრალი ჟურნალისტების მკვლელობაში. ამასთანავე, ერდოღანს ბრალი ედება გადატრიალების მცდელობის შემდეგ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის შედეგად 100-მდე მედიასაშუალების დახურვა და დაახლოებით 200 ჟურნალისტის დაკავება.

ჩინეთის ლიდერი სი ძინპინიც კი მსოფლიოში პირველია დაკავებული ჟურნალისტების რაოდენობით. ჩინეთში დაახლოებით ასი ჟურნალისტი და ბლოგერი პატიმრობაშია.

მიუხედავად იმისა, რომ პუტინის რუსეთში 4 ჟურნალისტი იხდის სასჯელს, რუსეთის პრეზიდენტი ორგანიზაციის ანგარიშების მიხედვით 2000 წლიდან ხვდება სიაში. ორგანიზაციის თქმით გამოხატვის თავისუფლება რუსეთში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.

დაჯგუფებებმა, როგორიცაა სომალში "ალ-შაბაბი" და მექსიკაში "ლოს-სეტას" ათეულობით ჟურნალისტის სიცოცხლე შეიწირეს. ხოლო პაკისტანის უსაფრთოხების სამსახურებმა სამი ჟურნალისტი მოკლეს. იემენის ჰუსიტმა ამბოხებულებმა 13 რეპორტიორი აიყვანეს ტყვედ. თალიბანმა ავღანეთში 7 ჟურნალისტი იმსხვერპლა, ხოლო ისლამურმა სახელმწიფომ სირიაში და ერაყში ათობით ჟურნალისტი და მედიის წარმომადგენელი გამოასალმა სიცოცხლეს.

გაეროს მიერ ჟურნალისტთა წინააღმდეგ დაუსჯელობის წინააღმდეგ დაწესებულ დღესთან დაკავშირებთ განცხადება ასევე ეუთო-ს პრესის თავისუფლების საკითხებში წარმომადგენელმა, დუნია მიატოვიჩმა გააკეთა.

„იმ ჟურნალისტთა სია, რომელთა შემთხვევაშიც დამნაშავეები არ დასჯილან, გრძელია. მათო შორის არიან „სლავკო ჩურუვია (1990) გიორგი ღონღაძე (2000), მარტინ ო’ჰაგანი (2001), მილან პანტიჩი (2001), ვერონიკა ჩერკასოვა (2004), დუშკო იოვანოვიჩი (2004), პაველ კლებნიკოვი (2004), ელმარ ჰუსეინოვი (2005), ანა პოლიტკოვსკაია (2006), ალიშერ საიპოვი (2007), ჰრანტ დინკი (2007), ნატალია ესტემიროვა (2009), ხაჯიმურად კამალოვი (2011), ახმედნაბი ახმედნავიევი (2013) და პაველ შერემეტი (2016)“, - ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციის თქმით, რეგიონში ჟურნალისტების წინააღმდეგ კამპანია გრძელდება და წევრი ქვეყნები არ იღებენ ზომებს ამის აღსაკვეთად.

„ხელისუფლების წარმომადგენლები მთელს რეგიონში ვერ ახერხებენ ჟურნალისტებზე განხორციელებული დანაშაულების თავიდან აცილებას და ასევე დამნაშავეების დასჯას“, - აღნიშნა მიატოვიჩმა.

ეუთოს თქმით, 90% შემთხვევებში ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული გამოძიებული არ არის.

XS
SM
MD
LG