ამერიკელი კანონმდებლების უმეტესობა ორივე პარტიიდან თანხმდება, რომ პრეზიდენტ ობამას ხვალინდელ მიმართვაში ერისადმი, მთავარი ყურადღება ქვეყნის ეკონომიკურ პრობლემებს დაეთმობა. თუმცა, კანონდებლეთა ხედვა განსხვავებულია იმ ნაწილში, თუ როგორი უნდა იყოს პრეზიდენტის წინადადებები. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი მაიკლ ბოუმანი არკვევდა.
რესპუბლიკელი კანონმდებლები აცხადებენ, რომ პრეზიდენტი ობამა თავის გამოსვლაში კონტროლიდან გამოსულ ფედერალურ დანახარჯებს უნდა დაუპირისპირდეს. კერძოდ, მათ სურთ, რომ ობამამ საბიუჯეტო შემცირებაზე ისაუბროს, რომელიც ავტომატურად შევა ძალაში მომდევნო თვეს, თუკი კონგრესი ვერ მიაღწევს შეთანხმებას. ამის შესახებ წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელების ლიდერმა ერიკ კანტორმა სატელევიზო ეთერში განაცხადა.
„ეს გაუგებარი შეკვეცებია. ჩვენ გაცილებით უკეთ შეგვიძლია. იმედი მაქვს რომ პრეზიდენტისგან ერისადმი მიმართვაში მოვისმენ, რომ ის უფრო გონივრული შეკვეცების მომხრეა,“ - განაცხადა კანტორმა.
ავტომატური შეკვეცა, იგივე სეკვესტრი, შეეხება როგორც ეროვნული უსაფრთხოების, ასევე სხვა შიდა პროგრამებს. პრეზიდენტი ობამა დანახარჯების შერეულ შემცირებას და შემოსავლების გაზრდას ემხრობა. დემოკრატები ამას „დაბალანსებულ მიდგომას“ უწოდებენ.
„არაფერს მოაქვს იმაზე ბევრი ფული ხაზინაში, ვიდრე ამერიკელი ხალხის განათლებაში ჩადებულ ინვესტიციას,“ - განაცხადა წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატების ლიდერმა ნენსი პელოსიმ განაცხადა.
დემოკრატები აცხადებენ, რომ შემცირებული გადასახადებით მდიდარი ამერიკელები ყველაზე მეტად ხეირობენ. რესპუბლიკელთა უმეტესობა კი გადასახადების გაზრდის წინააღმდეგია. მათ შორის არისს სენატორი ჯონ მაკეინი.
„მე არ მინდა რომ გადასახადების გაზრდა ვიხილოთ. მსურს, რომ პრეზიდეტმა კონგრესის ლიდერებს ამ პრობლემის ერთობლივად გადაწყვეტისკენ მოუწოდოს,“ - აცხადებს მაკეინი.
საბიუჯეტო საკითხებზე მკვეთრი განსხვავების მიუხედავად, არსებობს კიდევ სხვა საკითხები, სადაც რესპუბიკელები და დემოკრატების პოზიციები მეტნაკლებად ერთმანეთს ემთხვევა. ეს არის საიმიგრაციო სისტემის რეფორმა და იარაღის გაყიდვებზე მკაცრი რეგულაციების დაწესება.