ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტაბილურობა ლიბიაში


წინამდებარე მასალა წარმოადგენს ამერიკის მთავრობის ოფიციალურ პოზიციას.

მმართველობის 42 წლის მანძილზე, ლიბიის ლიდერმა მუამარ კადაფიმ ეტაპობრივად დაშალა და დაანგრია ყველა სტრუქტურა და სამოქალაქო საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინსტიტუტები, რომლებიც მის მიერვე დამხობილმა მონარქიამ შექმნა და შეინარჩუნა. მისი მთავრობა ნავთობის შემოსავალით დაგროვებული სიმდიდრის, პოლიტიკური რეპრესიებისა და ერთმანეთთან დაპირისპირებული ინტერესების წაქეზების საფუძველზე ფუნქციონირებდა.

„ის, რაც მომდევნო რამდენიმე დღეში მოხდება კრიტიკული მნიშვნელობის იქნება. საერთაშორისო საზოგადოება ლიბიელ ხალხს თავიდანვე სწორი არჩევანის გაკეთებაში უნდა დაეხმაროს,“ აღნიშნა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა. „პირველ რიგში, ჩვენ ნატოს სამხედრო მისიის გაგრძელებაზე უნდა ვიფიქროთ, რათა სამოქალაქო პირები შესაძლო თავდასხმებისგან დავიცვათ. ხოლო მას შემდეგ, რაც ლიბიის მთავრობა ძალაუფლების კონსოლიდაციას დაასრულებს, ჩვენ მათ მებრძოლების გაერთიანებულ ძალად ჩამოყალიბებაში უნდა დავეხმაროთ.

„მეორე პრიორიტეტი ლიბიის საერთაშორისო საზოგადოებაში ჩართვაა. დაახლოებით 70-მა ქვეყანამ უკვე სცნო ლიბიის გარდამავალი ეროვნული საბჭო. დრო დადგა დანარჩენმა ქვეყნებმაც მიბაძონ ამ მაგალითს.

„მესამე, ლიბიის დროებითი მთავრობის მხარდაჭერა და ლიბიელი ხალხის საჭიროებების დაკმაყოფილებაა. შეერთებული შტატები და ჩვენი პარტნიორი ქვეყნები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დახმარებით, მილიარდობით დოლარის ღირებულების ლიბიის გაყინულ სახელმწიფო აქტივებს ისევ გაააქტიურებს. შეერთებულმა შტატებმა 700 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება გაუწია გარდამავალ მთავრობას სახელმწიფო მომსახურების დასაფინანსებლად და ხელფასების დასარიგებლად. ლიბიის დასახმარებლად ჩვენ დამატებით 800 მილიონ დოლარს გამოვყოფთ.

„მეოთხე, საერთაშორისო საზოგადოება, გაეროს დახმარებით ლიბიელ ხალხს და მის ლიდერებს მშვიდობიანი დემოკრატიის მშენებლობაში უნდა დაეხმაროს, სადაც პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით ძალადობის გამოყენება არ მოხდება და ტოლერანტულობა და პლურალიზმი იარსებებს.

„სტაბილური, ერთიანი და თავისუფალი ლიბიის ასაშენებლად დიდძალი საქმეა გასაკეთებელი, რათა შეიქმნას ისეთი ლიბია, რომელსაც თანამედროვე ისტორიაში ჯერ არ უარსებია,“ თქვა ქალბატონმა კლინტონმა. „გამოწვევები შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ მათი გადალახვის შედეგი უკვე დავინახეთ. ჩვენ ლიბიელ ხალხს მხარში ამოვუდექით როცა მათ ეს დასჭირდათ და მომავალშიც უნდა გავაგრძელოთ მათი დახმარება.“

XS
SM
MD
LG