ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შრი-ლანკის ხელისუფლება: თავდამსხმელებს "საერთაშორისო ქსელი" ეხმარებოდა


შრი-ლანკის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კვირას მომხდარი თავდასხმების მოწყობაზე პასუხისმგებელი ადგილობრივი შეიარაღებულ მებრძოლთა დაჯგუფებაა, რომელსაც "საერთაშორისო ქსელთან" ჰქონდა კავშირი. ქრისტიანთა ნაწილი გუშინ აღდგომას აღნიშნავდა და სწორედ რელიგიურ დღესასწაულთან დაკავშირებით ქვეყნის ეკლესიებსა და სატუმროებში რამდენიმე თავდასხმა მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 290 ადამიანი დაიღუპა, 500-ზე მეტი კი დაშავდა.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ თვითმკვლელი თავდამსხმელების უკან დაჯგუფება "ეროვნული თოვეთ ჯამაათი" დგას და ეს თავდასხმები ვერ იქნებოდა წარმატებული საერთაშორისო ქსელის დახმარების გარეშე. მისივე თქმით, ყველა თავდამსხმელი შრი-ლანკის მოქალაქე იყო.

კვირას, თვითმკვლელმა თავდამსხმელებმა თავი სამ ეკლესიასა და სამ სასტუმროში აიფეთქეს. უკვე ორშაბათს კი ერთ-ერთ იმ ეკლესიასთან, რომელსაც წინა დღეს დაესხნენ თავს, მიკროავტობუსში ჩამონტაჟებული ასაფეთქებლები ამოქმედდა, მაგრამ არავინ დაშავებულა. შრი-ლანკის პრეზიდენტი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას გეგმავს.

XS
SM
MD
LG