7 მარტის საღამოს, შეერთებული შტატების დემოკრატი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ერისადმი მიმართვას გააკეთებს. ყოველწლიურ მოხსენებას ამერიკის პრეზიდენტები ტრადიციულად, კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლის დროს აკეთებენ და მასში ქვეყანაში შექმნილ ვითარებას აფასებენ. ბაიდენის მიმართვამდე ერთი დღით ადრე, კონგრესში გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე, ამ მიმართვის თაობაზე წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა ისაუბრა.
ჯონსონმა თავისი მხრიდან გაკეთებულ შეფასებაში, თქვა, რომ ამერიკაში ვითარება უარესობისკენ მიდის, ქვეყნის შიგნით იკლებს ეკონომიკის სიძლიერე და მისი სუვერენიტეტი. ქვეყნის გარეთ კი, ჯონსონის თქმით, ამერიკა მსოფლიო არენაზე ნაკლებადაა წარმოდგენილი. ამგვარი გაუარესების მიზეზი წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი სპიკერის შეფასებით, შეერთებული შტატების დემოკრატი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მისი ადმინისტრაციაა.
"ჩვენი ეკონომიკური სიძლიერე იკლებს, ყოველდღიური მოხმარების საქონელი გაძვირებულია. ხალხი ახლა ძლივს ახერხებს ცხოვრების ხარჯებს გაწვდეს, სურსათი და ბენზინი შეიძინოს. სახლის საკუთრებაში ქონა მათთვის სულ უფრო მიუწვდომელი ხდება და საყოფაცხოვრებო ვალების მოცულობა ისტორიულად ყველაზე მაღალია" - აცხადებს ის.
ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვის მაგალითად ჯონსონმა საზღვრებზე შექმნილი ვითარება დაასახელა. სამხრეთ ამერიკის მხრიდან მიგრანტთა მოზღვავებასთან დაკავშირებით, სპიკერმა თქვა, რომ "ეს სრული კატასტროფაა, სხვაგვარად ამას უბრალოდ ვერ აღწერ".
წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა ასევე ისაუბრა ამერიკაში უსაფრთხოების მხრივ გაუარესებულ მდგომარეობაზე. ჯონსონის თქმით, ქალაქებში მოსახლეობა განსაკუთრებით დაუცველია, გაზრდილია მანქანების გატაცების ფაქტები და თავდასხმების რიცხვი სამართალდამცავებზე. სპიკერმა ეს ფაქტი ამერიკაში მცხოვრებ უკანონო იმიგრანტებს დაუკავშირა და თქვა, რომ ქვეყნის მასშტაბით "600 000-ზე მეტი დამნაშავე იმიგრანტი დათარეშობს".
ჯონსონის თქმით, ეს ყოველივე ბაიდენის ადმინისტრაციის ბრალია. "მან შემოუშვა ისინი თქვენს შტატში. ყოველი შტატი სასაზღვრო შტატია" - აცხადებს სპიკერი და დასძენს, რომ მისი ვარაუდით, ბოლო 3 წელიწადში, ბაიდენის თეთრი სახლის ოვალურ ოფისში შესვლის შემდეგ, ამერიკაში 15 მილიონზე მეტი უკანონო იმიგრანტი შემოვიდა.
რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, ჯონსონის განცხადების მიხედვით, „მსოფლიო ავანსცენაზე ამერიკა ნაკლებადაა წარმოდგენილი... ირანი, რუსეთი, ჩინეთი - ჩვენი მოწინააღმდეგეები - უფრო პროვოკაციულად მოქმედებენ, ვიდრე ამას მრავალი, მრავალი წლის განმავლობაში აკეთებდნენ. ისეთი არეულობაა, რომლის მსგავსიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გვინახავს".
ჯონსონმა პრეზიდენტი ბაიდენი დაადანაშაულა იმაში, რომ მან ზურგი აქცია ისრაელს, ამერიკის უდიდეს მოკავშირეს. მისი ადმინისტრაციის მიერ ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის შემდეგ, კი შეერთებული შტატების სტატუსი იმდენად შეილახა, რომ ამის შეფასებაც კი ძნელია.
საბოლოო ჯამში, სპიერკის თქმით, არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რას იტყვის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ერისადმი ხუთშაბათს, 7 მარტს გაკეთებულ მიმართვაში, რადგან მოცემულობა ამით არ შეიცვლება. "არ აქვს მნიშვნელობა, რომელ პარტიას მიეკუთვნებით, ან საით იხრებით პოლიტიკურ სპექტრში, საკმარისია ობიექტურად შეხედოთ ფაქტებს და მიხვდებით, რომ თეთრი სახლის ლიდერების გამო, ეს ქვეყანა კარგ ფორმაში არ არის".
ჯონსონმა პირობა დადო, რომ გააგრძელებს თეთრი სახლის ადმინისტრაციისგან ანგარიშვალდებულდებულების მოთხოვნას. წარმომადგენელთა პალატის სპიკერის განცხადებით, ეს მათთვის კონსტიტუციით მინიჭებულ პასუხისმგებლობას წარმოადგენს.
Facebook Forum