კატალონია რეგიონული ლიდერის მიმართვის მოლოდინშია. კარლეს პუიგდემონი დღეს ადგილობრივი პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოდის, თუმცა მიმართვის მთავარი გზავნილები საიდუმლოდ რჩება. პარლამენტის შენობა გაძლიერებული დაცვის ქვეშ იმყოფება. მადრიდი შიშობს, რომ ავტონომიური რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები დღეს დაგეგმილ კენჭისყრაზე ესპანეთისგან დამოუკიდებლობას გამოაცხადებენ.
პოლიტიკური ლიდერები როგორც ესპანეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, კატალონიის მმართველებს ქვეყანაში შექმნილი დაძაბულობის განეიტრალებისკენ მოუწოდებენ. ბარსელონის, კატალონიის დედაქალაქის, მერი ორშაბათს დამოუკიდებლობის დეკლარაციის წინააღმდეგ გამოვიდა. ანალოგიური განცხადება გააკეთა ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტიის, სოციალისტთა ლიდერმაც.
გერმანიის და საფრანგეთის ლიდერებმაც განცხადებები ესპანეთის გაყოფის წინააღმდეგ გააკეთეს. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა. საფრანგეთი აცხადებს, რომ კატალონიის დამოუკიდებლობას არ ცნობს.
შაბათს და კვირას ასეულობით ათასი ადამიანი გამოვიდა დამოუკიდებლობის წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციებზე ბარსელონაში, მადრიდში და ესპანეთის სხვა ქალაქებში. აქციის მონაწილეები პოლიტიკოსებს დიალოგისკენ და უთანხმოებების გადაწყვეტისკენ მოუწოდებდნენ.
Facebook Forum