სეპარატიზმი – ასე უწოდებენ კატალონიელების სურვილს შექმნან დამოუკიდებელი სახელმწიფო. დაძაბულობა ესპანეთში იზრდება, მადრიდს არ სურს კატალონიის გარეშე ცხოვრება. ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ კატალონია, ესპანეთისგან განსხვავებით, ევროკავშირის წევრი ვერ იქნება და შესაბამისად, ვერ ისარგებლებს იმ ბენეფიტებით, რასაც ეს გაერთიანება სთავაზობს წევრებს. საქართველომ სეპარატიზმის პრობლემა ვერ გადაიტანა. დაღი, რაც თავის დროზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითნებურად განცალკევებამ ქვეყანას დაასვა, დღემდე მკვეთრი და საგრძნობია. როდესაც სეპარატიზმზეა საუბარი, იქ ყოველთვის არსებობს შიში, რომ ამგვარი პრობლემის წინაშე, შესაძლოა, თავადაც მარტივად აღმოჩნდეს სხვა ქვეყანაში სეპარატიზმის მხარდამჭერი სახელმწიფო, ამიტომ სიმპატიის დაფიქსირებაც კი რთულია მსგავს შემთხვევაში. მეორეს მხრივ, თვითგამორკვევის უფლება ყველა ერს აქვს და მისი უგულვებელყოფა დაუშვებელია.
რა საერთო ძაფი შეიძლება დავინახოთ აფხაზურ, ოსურ და კატალონიურ სეპარატიზმს შორის და რაა განსხვავება, ამის შესახებ რამდენიმე მოსაზრება ჩავწერეთ.
ამერიკის ხმასთან საუბრისას დავით დარჩიაშვილი, უსაფრთხოების კვლევებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, პროფესორი, ამბობს: „პარალელები კაცობრიობის ისტორიაში ბევრი შეიძლება მოიძებნოს. პარალელებია ის, რომ ადამიანებს ახასიათებთ ბედნიერებისკენ სწრაფვა, გამრავლების უნარი... ნაციონალიზმის ფაქტორი იყო საქართველოში და არის კატალონიაშიც. ესეც პარალელია, მაგრამ ამ ზოგადი, ფუნდამენტური მახასიათებლების მიღმა, სპეციფიკა არის სერიოზული და განსხვავებული. იქ არის ევროპული ნაციების დემოკრატიულ, ლიბერალურ ერთეულებს შორის გარკვეულ ფუნქცია–უფლებამოსილებებს შორის კონფლიქტი. აქ ჩვენ გვქონდა ეთნიკური წმენდა. სისხლით, სპეცსამსახურების აქტივობით პირდაპირი წაგლეჯვა ტერიტორიებისა. სეპარატიზმის მაქსიმალური წახალისება გარე ძალის მიერ, რამაც მიგვიყვანა, სადამდეც მიგვიყვანა. შეადარეთ, რა არის კატალონია და რა ცხინვალის რეგიონი, ან თუნდაც აფხაზეთი. მთავარი მაინც ისაა, რომ ცივილიზაციური განსხვავებაა ძალიან დიდი.“
სამართალდამცავთა მხრიდან დამოკიდებულებას დემონსტრანტების მიმართ კატალონიაში უარყოფითად აფასებს დავით დარჩიაშვილი, თუმცა იმედს იტოვებს, რომ კატალონიის საკითხის პოლიტიკური დისკუსიის გზით მოგვარება შესაძლებელია. „რაც შეეხება ესპანეთში მომხდარ ამბებს, ეს პრობლემაა, თავის ტკივილია მთელი ევროკავშირისთვის, მით უმეტეს ესპანეთისთვის. სახელმწიფოს ერთიანობა დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. მაქსიმალურად ცივილიზებულად და ცივი გონებით უნდა ამ საკითხს გადაწყვეტა. არა ისე, რის ნიშნებიც დავინახეთ ჩვენ ბარსელონაში განვითარებული მოვლენების დროს, როდესაც პოლიციელები არც თუ მაინცდამაინც სასიამოვნოდ და ევროპულად ეპყრობოდნენ იქ შეკრებილ ადამიანებს, რომლებიც შეიძლება შემცდარებად ჩათვალო, ან არ ჩათვალო შემცდარებად. ამ პრობლემის ძალისმიერი გადაწყვეტა, მე მგონი, არ არსებობს. საქმე გვაქვს ევროპასთან, მილიონიან ერებთან და ვფიქრობ, გამოსავალი უნდა იყოს ისეთი, როგორსაც პოულობს ხოლმე ბრიტანეთი. პრობლემა ძველია და ეს უნდა იყოს პოლიტიკური მოლაპარაკებების საგანი და ადგილი არ უნდა ჰქონდეს ხელების გადაგრეხვას, რაც ახლა ხდება.“
გიორგი კანაშვილი კავკასიური სახლის აღმასრულებელი დირექტორი ჩვენთან საუბრისას ამბობს: „ოსეთის შემთხვევაში ზედმეტია საუბარი თვითგამორკვევაზე. მათ სურთ გამოეყონ ერთ ქვეყანას და მიუერთდნენ მეორეს. ისინი იმთავითვე საუბრობდნენ რუსეთთან მიერთებაზე. შესაბამისად, ცხინვალის შემთხვევა უფრო ირიდენტისტული იყო, ვიდრე სეპარატისტული. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების სამხედრო ფაზა დაკავშირებული იყო ერთი დიდი წარმონაქმნის დაშლასთან და ახალი ერის დაწყებასთან, პოსტ–საბჭოთა პერიოდთან, მაშინ, როდესაც კატალონიის გამოყოფა არ არის ევროკავშირის დაშლასთან მიბმული. ეს პროცესები უნიკალურია და ერთადერთი, რაც შეიძლება დავინახოთ საერთო, ის გახლავთ, რომ ზოგადად ერებს, ისტორიის გარკვეულ პერიოდში უჩნდებათ საიდანღაც გამოყოფის ან ვინმესთან მიერთების სურვილი.“
კატალონია და ესპანეთი ისტორიის რთულ პერიოდს გადის. მას აფხაზეთისა და ოსეთის შემთხვევას თუ შევადარებთ, პირველსა და მკვეთრად თვალშისაცემს მენტალობის თვალსაზრისით არსებულ განსხვავებას დავინახავთ. კატალონიელების არჩევანი დღეს გააზრებული და აწონილ–დაწონილია, რაც განსხვავდება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ ერების/ხალხების მიერ თავისუფლების არსის გააზრებისგან.
Facebook Forum