ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სეულმა რუსეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარა


სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კიმ ჰონგ-კუინი.
სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კიმ ჰონგ-კუინი.

21 ოქტომბერს, სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უწყებაში რუსეთის ელჩი დაიბარა. სეულს სურს, ჩრდილოეთ კორეის ჯარების რუსეთში გაგზავნა გააპროტესტოს, რაც მათი ინფორმაციით, 1 500-მდე ჯარისკაცის უკრაინაში განლაგების მიზნით ხდება.

მოსკოვს, ამ საკითხზე, კონკრეტული განცხადება აქამდე არ გაუკეთებია. კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი მხოლოდ ზოგადი განცხადებით შემოიფარგლა და თქვა, რომ მოსკოვისა და ფხენიანის თანამშრომლობა არ არის მიმართული მესამე ქვეყნის წინააღმდეგ.

სამხრეთ კორეაში რუსეთის ელჩი, გიორგი ზინოვიევი, საგარეო უწყებაში მინისტრის პირველმა მოადგილემ, კიმ ჰონგ-კუინმა დაიბარა. სამხრეთ კორეაში რუსეთის საელჩოს მიერ "ფეისბუქზე" გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ზინოვიევმა განაცხადა, რომ მოსკოვსა და ფხენიანს შორის თანამშრომლობა, საერთაშორისო კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მიმდინარეობს და ის არ არის მიმართული სამხრეთ კორეის წინააღმდეგ.

კიმ ჰონგ-კუინმა კრემლს მოუწოდა, სასწრაფოდ დაატოვებინოს რუსეთი ჩრდილოეთ კორეელ ჯარისკაცებს. აღნიშნულ ინფორმაციას სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალური განცხადებით ავრცელებს.

სამხრეთ კორეამ ასევე განაცხადა, რომ უკრაინის ომში ჩრდილოეთ კორეის ჯარების ჩართვა, გაეროს რეზოლუციების და გაეროს ქარტიის დარღვევას წარმოადგენს. "უმკაცრესად ვგმობთ ჩრდილოეთ კორეის უკანონო სამხედრო თანამშრომლობას, მათ შორის - მათი ჯარების რუსეთში განლაგებას", - ნათქვამია განცხადებაში.

XS
SM
MD
LG