ამერიკაში შობის უქმეებზე ნიუ-იორკის შტატში ძლიერმა ქარბუქმა 25 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. სამაშველო სამსახურების თანამშრომლები ბევრგან ცდილობენ გზების თოვლისგან გაწმენდას, მათ შორის - ბუფალოსა და მის შემოგარენშიც.
ერის ოლქის ხელმძღვანელმა მარკ პოლონქარსმა ორშაბათს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ ოლქში ქარბუქთან დაკავშირებული მოვლენების გამო გარდაცვლილთა რაოდენობამ ღამით 12-ს მიაღწია. მათ შორის არიან ადამიანები, რომლებიც თოვლით დაფარულ მანქანებში იპოვეს და ისინიც, ვინც თოვლის გაწმენდისას კარდიოლოგიური შეტევების შედეგად გარდაიცვალნენ.
ასეთი ძლიერი ქარბუქი რეგიონში 45 წლის განმავლობაში არ ყოფილა. ის პარასკევს საღამოს დაიწყო და ნიუ-იორკის შტატის დასავლეთი ნაწილი მოიცვა. არქტიკული ყინვა და ზამთრის შტორმი ქვეყნის სამხრეთ საზღვრებამდე იგრძნობა.
ბუფალოს ფართო რეგიონი, რომელიც კანადის საზღვრებამდეა გადაჭიმული, თოვლის შტორმით ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მძიმედ დაზარალებული ნაწილია. ტბა ერის სიახლოვეს ყინვა და ქარბუქი კიდევ უფრო ძლიერია. გუბერნატორის თქმით, 2022 წლის ეს ქარბუქი ისტორიას დარჩება, როგორც ცხოვრებაში ერთხელ ნანახი მსგავსი რამ. ეს ბუფალოში 1977 წლის ქარბუქის შემდეგ ყველაზე ცივი და ყინვიანი სეზონია. თითქმის 45 წლის წინ ქარბუქმა რეგიონში 30 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.