ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფოლკლორული ფესტივალი ეროვნულ მოლზე


ვაშინგტონი
ვაშინგტონი

სმითსონის მუზეუმმა ყოველწლიური ფესტივალი მსოფლიო ენების მნიშვნელობას მიუძღვნა

სმითსონის ინსტიტუტის განცხადებით, საუკუნის ბოლოს დედამიწაზე ორი ათას ხუთასი ენა გადაშენდება. ამიტომაც მსოფლიოში ყველაზე დიდმა მუზეუმმა ყოველწლიური ფესტივალი მსოფლიო ენების მნიშვნელობას მიუძღვნა.

პატრიცია ჯოზეფი ფესტივალზე მოსული სტუმარია. მუსიკის გაგონებისთანავე ის ცეკვას იწყებს:

„ცეკვა მიტაცებს, მაგრამ ყოველთვის მერიდება. არადა როცა ვცეკვავ სრულ თავისუფლებას ვგრძნობ. ისე მომწონს აქაურობა, ალბათ მთელ დღეს აქ დავრჩები.“

ფესტივალზე მოსულ სტუმრებს საშუალება აქვთ მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე შესრულებული სიმღერები და მელოდიები მოისმინონ და განსხვავებული კულტურების უნიკალურობა შეაფასონ.

სმითსონის ფესტივალი ყოველწლიურად ვაშინგტონის ცენტრში ეროვნულ მოლზე ტარდება. მსოფლიოს სხვადასსხვა ქვეყნის წარმომადგენლები ფესტივალზე საკუთარი ენისადმი პატივისცემას ხელოვნების საშუალებით გამოხატავენ. სამხრეთ ამერიკაში გადაშენების გზაზე ქეჩუას ენა დგას. ქეჩუას რიტმული მელოდიები ფესტივალის სტუმრების მოწონებას იმსახურებს.

ასევე ძალზე საინტერესოა ციმბირელი მომღერლის მიერ შესრულებული მელოდია, რომელსაც ხორხის სიმღერას უწოდებენ და იგი გადაშენების პირას მყოფ ტუვანურ ენაზე სრულდება.

ჰავაურ ენაზე შესრულებული სიმღერები ყველა მსმენელს აჯადოვებს. აერონ სალა ჰავაიდანაა და მშობლიური ენის მნიშვნელობაზე საუბრობს:

„დიდ გამოცდილებას იძენ, როდესაც სხვა კულტურის ადამიანებთან ურთიერთობ. სტიმულია, როდესაც ხედავ, რომ ისინიც შენსავით მშობლიური ენის გადარჩენაზე ზრუნავენ.“

მერილენდის შტატის მცხოვრები ელიზაბეტ ოსტლერი ამბობს, რომ მსგავსი ფესტივალები ამერიკელებს მსოფლიო კულტურებთან აახლოვებს:

„ჩვენ სხვა ქვეყნების კულტურას ნაკლებად ვიცნობთ. მსოფლიოში იმდენი რამ არის საინტერესო და გამორჩეული.“

ელიზაბეტ ოსტლერი მსოფლიოში გადაშენების პირას მყოფი ენების კულტურულ ფესტივალზე მეუღლესთან და შვიდ შვილთან ერთად მივიდა.
XS
SM
MD
LG