ორი საუკუნის განმავლობაში, კაპიტოლიუმზე მომხდარი პირველი თავდასხმის წლისთავმა, კონგრესში საპატიო დუმილის ფონზე ჩაიარა. თუმცა, წარმომადგენელთა პალატის დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის, მსხვერპლიანი ამბოხის შესახებ აზრთა სხვადასხვაობა, კიდევ ერთხელ, ნათლად გამოიკვეთა.
გასული წლის განმავლობაში, 2021 წლის 6 იანვრის მოვლენებმა კიდევ უფრო გააღრმავა განხეთქილება დემოკრატებს და რესპუბლიკელებს შორის.
6 იანვარს, წარმომაადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ, კონგრესის დაცვისთვის კაპიტოლიუმის პოლიციას მადლობა გადაუხადა.
სენატის უმცირესობის ლიდერმა, მიტჩ მაკკონელმა ტრაგიკული მოვლენების წლისთავთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა და 6 იანვრის მოვლენებს, კონგრესისა და ქვეყნის ისტორიაში შავი დღე უწოდა.
„შავი დღე კონგრესისა და ჩვენი ქვეყნისთვის. შეერთებული შტატების კაპიტოლიუმში, ადგილზე სადაც ჩვენი ფედერალური მთავრობის პირველი შტოა, კრიმინალები შეიჭრნენ, რომლებიც სასტიკად გაუსწორდნენ პოლიციის ოფიცრებს და გამოიყენეს ძალა, რათა ხელი შეეშალათ კონგრესისთვის, გაეკეთებინა საკუთარი საქმე“ - წერს მაკკონელი.
მაკკონელს არ უსაუბრია იმ როლზე, რომელიც შესაძლოა განვითარებულ მოვლენებში, დონალდ ტრამპს ეთამაშა. თუმცა, მან დემოკრატები, ტრაგიკული მოვლენების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა.
დაღუპულებისთვის დუმილით პატივის მიგების შემდეგ, განცხადება წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა გააკეთა.
„როდესაც კაპიტოლიუმზე ძალადობრივი თავდასხმა განხორციელდა, მისი მიზანი იყო, ჩაეშალა კონსტიტუციით განსაზღვრული კონგრესის მოვალეობა, დაემოწმებინა არჩევნების შედეგები და უზრუნველეყო ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარება. მაგრამ, თავდასხმამ ვერ დაგვაბრკოლა, ჩვენი მოვალეობა პირნათლად შეგვესრულებინა“ - განაცხადა პელოსიმ.
6 იანვარს მომხდარში, დონალდ ტრამპის შესაძლო როლის შესახებ ასევე არ უსაუბრია 45-ე პრეზიდენტის მოკავშირე სენატორ ლინდსი გრემს. თუმცა სენატორმა თქვა, რომ დამნაშავეები კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯონ.
„მე მუდმივად ვგმობდი თავდასხმას და ვაკეთებ მოწოდებას, რომ თავდასხმის მონაწილეები, კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯონ. იგივე შეხედულებები მაქვს იმათთან დაკავშირებით, ვინც თავს დაესხა ფედერალურ სასამართლოს პორტლენდში, ორეგონში და ჩაიდინა ძალადონბის სხვა აქტები, მთელ ქვეყანაში“ - აცხადებს გრემი.
Facebook Forum