უნდა გაიყიდოს თუ არა სტალინი? ეს საკითხი საჯარო განხილვის თემად კიდევ ერთხელ იქცა მას შემდეგ, რაც სტალინის მშობლიურ ქალაქ გორში, სტალინის მუზეუმის მიმდებარედ არსებულ სუპერმარკეტზე სტალინის უზარმაზარი პოსტერი მაღაზიის მესაკუთრის ინიციატივით გამოეკრა. სუპერმარკეტის მენეჯერის განმარტებით, ეს კომერციული გათვლაა, რადგან იქ სტალინის ბიუსტები, ჩიბუხები და სხვა, საბჭოურ წარსულთან ასოცირებული სუვენირები იყიდება. სტალინის პოსტერი მაღაზიის ფასადზე კი მესიჯია სტალინთან დაკავშირებული სუვენირების შეძენით დაინტერესებული ტურისტებისთვის.
კომერციული გათვლების გარდა, სტალინისადმი იდეური თანაგრძნობის ფენომენიც არსებობს, რომლის გამოხატულება გახლდათ გუშინდელი აქცია გორის მერიის წინ. დაახლოებით, 30 ადამიანი მერთან შეხვედრას მოხსნილი სტალინის ძეგლის ძველ ადგილას დაბრუნების მოთხოვნით ცდილობდა. მათ შორის ცნობილი მოკრივე გიორგი კანდელაკიც გახლდათ.
გორის მერიაში სტალინის შესახებ საუბარს ოფიციალური პირები, უმეტესწილად ერიდებიან, ხშირად ნაცნობების განაწყენების მოტივით. შალვა ტლაშაძე, გორის მერის მრჩეველი, "ამერიკის ხმასთან" საუბრისას ამბობს, რომ საკრებულოს არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია სტალინის ძეგლის თაობაზე მას შემდეგ, რაც 2010 წლის 11 ივნისს გამოიტანა გადაწყვეტილება ძეგლის დემონტაჟისა და გადატანის თაობაზე. „ოფიციალურად, ჩვენ ამ საკითხზე არანაირი გადაწყვეტილება არ მიგვიღია. იდეაში, არც იგეგმება რაიმე ფორმით ამ ძეგლის დადგმა მუნიციპალურ ტერიტორიაზე. არ იგეგმება სადმე, ვთქვათ ძველ ადგილას მისი განთავსება. თუ მუზეუმი გამოიყენებს მას, როგორც სამუზეუმო ექსპონატს, ეს მისი პოზიციაა. მუზეუმი სიპია და ჩვენ მის გადაწყვეტილებებში ვერ ვერევით,“- ამბობს შალვა ტლაშაძე.
კვარცხლბეკის მშენებლობა სტალინის ძეგლისთვის სტალინის სახელობის პარკში, რაც გორის ცენტრშია განთავსებული, რამდენიმე წლის წინ დაიწყო, თუმცა იგი დღესაც დაუსრულებელია. სტალინის მუზეუმის დირექტორი ლია ოქროპირიძე ამბობს, რომ ძეგლის განთავსების თაობაზე არაფერი იცის, რადგან ის, ოფიციალურად მუზეუმის ბალანსზე არ ირიცხება. „არანაირ ინფორმაციას ჩვენ არ ვფლობთ. არც დამონტაჟებასთან, არც ძეგლის გადატანასთან დაკავშირებით. ჩემთვის ეს საკითხი სრულებით ახალია, არც კი ვიცოდი, თუ ამგვარი (გადატანის თაობაზე) მოსაზრება არსებობდა,“ - განაცხადა ლია ოქროპირიძემ.
პოეტმა ლელა სამნიაშვილმა გორში სუპერმარკეტის ფასადზე განთავსებულ სტალინის პოსტერს ამ ქმედების საპროტესტოდ ლექსი მიუძღვნა. "ამერიკის ხმასთან" საუბრისას ლელა სამნიაშვილი ამბობს: „ჩემთვის ეს თემა ორმაგად მტკივნეულია. ერთი როგორც ქართველისთვის და მეორე, როგორც გორელისთვის, რადგან მთელი ბავშვობა ამ ქალაქში მაქვს გატარებული. სტალინის თემატიკა ხშირად წინ მოდის. უარყოფით კონტექსტში, გორი ასოცირდება პირველ რიგში სტალინთან. ამის მიმართ მქონდა ყოველთვის პროტესტი, რადგან გორზე ბევრი სხვა რამის გახსენებაც შეიძლება, როდესაც ადამიანებზე ვსაუბრობთ. ყოველთვის მომყავდა მერაბ მამარდაშვილი მაგალითად, სადაც ხმა მიმიწვდებოდა, თუნდაც უცხოურ კონტექსტში. რამდენიმე დღის წინ შევიტყვე ამ ახალი ამბის შესახებ, ვგულისხმობ სტალინის ბანერის გამოკიდებას სუპერმარკეტში სტალინის ბაღის სიახლოვეს. ამ ბაღს ისევ სტალინის ბაღი ჰქვია, ყველა ასე უწოდებს. მაინც მგონია, რომ ესაა წმინდა კომერციული გათვლა, მაგრამ ეს უკვე იმაზე მეტყველებს, რომ პატრიოტიზმი და სტალინიზმი ერთმანეთში ერევათ ადამიანებს“.
ორი დღის შემდეგ, სუპერმარკეტის მეპატრონემ სტალინის პოსტერი უცნობი მიზეზების გამო ფასადიდან ჩამოხსნა.
უნდა ითქვას, რომ მიუხედავად მცდელობისა, საქართველოს კანონმდებლობაში ჯერ არ არსებობს ნორმა, რომლის თანახმადაც საბჭოთა სიმბოლიკის პროპაგანდა სანქციებს უპირობოდ დაექვემდებარებოდა. გორში მთავარი ქუჩა დღესაც სტალინის სახელს ატარებს.