ჯერჯერობით, დაუდგენელი აქტივისტების მონაწილეობით, საქართველოში უჩვეულო აქცია მიმდინარეობს. არანაკლებ უჩვეულო სახელწოდებით - „სტალინის 50 ძეგლი, რომელიც უნდა შეღებო, სანამ ცოცხალი ხარ“. ამ სათაურით სოციალურ ქსელ ფეისბუქში სპეციალური გვერდიც კი გაიხსნა, სადაც უკვე 600-მდე მოქალაქეა გაწევრიანებული.
საქართველოს ტერიტორიაზე სტალინის ძეგლების ვარდისფრად გადაღებვა 19 იანვარს დაიწყო. პირველად საღებავი ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანის ცენტრში აღდგენილ სტალინის ძეგლს შეასხეს. თუშეთის ამ სოფელში საბჭოთა ბელადის ძეგლი 2011 წლის ივნისში ფარულად აიღეს, თუმცა, ერთი წლის შემდეგ, 25 ნოემბერს, მოსახლეობის ნაწილის მოთხოვნით, უკან დააბრუნეს.
იგივე განმეორდა თელავის რაიონის სოფელ აკურაში. აქ, სტალინის ბიუსტის დემონტაჟი 2010 წელს განხორციელდა, თუმცა შარშან, სტალინის დაბადების დღეზე, 21 დეკემბერს, სტალინი სოფლის ცენტრში ისევ დაბრუნდა. 7 თებერვალს კი ბიუსტს ვარდისფერი საღებავი შეასხეს.
„იერიში“ სტალინის ძეგლზე 9 თებერვალს, კიკეთის დასახლებაში, სოფელ დიდებაში მიიტანეს. აქაც ხელწერა და საღებავის ფერი იგივე იყო. საბოლოოდ უჩვეულო აქციამ საქართველოს რამდენიმე რეგიონი მოიცვა.
აქციის პარალელურად, სოციალურ ქსელებში, ვრცელდება ვიდეოები, სადაც საზოგადოებისთვის მეტ ნაკლებად ცნობილი თუ უცნობი ადამიანები, მაგალითად, „თავისუფლების ინსტიტუტის“ აქტივისტი თეა თუთბერიძე, განათლების ყოფილი მინისტრის გია ნოდიას მეუღლე ლოლა ლომიძე, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ყოფილი პირადი მცველი ბაჩუკი გვანცელაძე და სხვები ამბობენ, რომ - „მე შევღებე სტალინის ძეგლი!“.
თეა თუთბერიძე ვიდეოში შვილთან ერთად გამოჩნდა და ჩანაწერში კერძოდ ამბობს:
„მე შევღებე სტალინის ძეგლები, ჩემს შვილთან ერთად! მე შევღებე სტალინის ძეგლი 2009 წლის აგვისტოში გორში! შევღებავ ყველგან სადაც ვნახავ. ასევე გეტყვით რომ თუ სტალინის ძეგლს დააბრუნებთ - აუცილებლად ავაფეთქებ!“
ამ უჩვეულო აქციაში ჩართული აქტივისტების აზრით, სტალინი, როგორც ფენომენი ქართული საზოგადოების აზროვნებაში უნდა გადაიღებოს. თუმცა, საზოგადოების ნაწილს მიაჩნია, რომ ასეთი ხერხით ძეგლებთან ბრძოლა ჩვეულებრივი ვანდალიზმია.
5 მარტს, ქართული წარმოშობის საბჭოთა დიქტატორის იოსებ ჯუღაშვილის გარდაცვალებიდან 60 წელი შესრულდება, თუმცა ქართულ საზოგადოების საკმაო ნაწილში სტალინი დღემდე პოპულარულია.
ეს ნამდვილი პარადოქსია იმ ფონზე, რომ - 1921 წელს საბჭოთა რუსეთმა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის გადაწყვეტილება სწორედ სტალინის ინიციატივით მიიღო;
მისივე რეკომენდაციით გადაეცა თურქეთს ძირძველი ქართული მიწები ართვინიდან არდაგანამდე; სომხეთს - ლორე-ტაშირი; ხოლო აზერბაიჯანს - ისტორიული ჰერეთის ნაწილი;
გასული საუკუნის 30-იანი წლების საშინელი რეპრესიების დროს - საქართველოს ციხეებში 65 ათასამდე ადამიანი მოხვდა, აქედან 20 ათასზე მეტი დახვრიტეს. 3 ათასზე მეტი ადამიანის, მათ შორის ქართული საზოგადოების ნაღები წევრების დახვრეტის ბრძანებას პირადად სტალინმა მოაწერა ხელი.
ამ ისტორიული ფაქტების მიუხედავად, ზემო ალვანელი გლეხი, რომელიც ძეგლის დაზიანებამ აღაშფოთა ამბობს:
„მთელი რუსეთი ვის ზურგზედაც გადაიარა მეორე მსოფლიო ომმა ისინი პატივს სცემენ ამ კაცს და ჩვენ რა ღმერთი გაგვიწყრა?! ერთი ბომბი არ ჩამოუგდიათ საქართველოში, არ მისცა გერმანელებს საშუალება ერთი ბომბი მაინც რო ჩამოეგდოთ! ჩვენა ვართ უნამუსო ხალხი!“
აქციას სტალინის ძეგლების წინააღმდეგ, თუ არ მართავს, ყოველმხრივ თანაუგრძნობს, ოპოზიციაში გადასული „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი. პრეზიდენტი რამდენჯერმე გამოეხმაურა, სტალინის ძეგლების აღდგენის ტენდენციას და ამ თემას „ქართულ ოცნებასთან“ პოლიტიკურ ბრძოლაში მომგებიანად იყენებს, როგორც საშინაო, ისე საგარეო აუდიტორიის წინაშე.
„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდი, განსაკუთრებით ბოლო წლები, საქართველოს ტერიტორიაზე, სტალინის ძეგლების მასობრივი დემონტაჟით აღინიშნა. ამ კამპანიის პიკი იყო, სტალინის ძეგლის აღება 2010 წლის 25 ივნისს, გორის ცენტრიდან.
იმ ადგილზე, სადაც სტალინის ძეგლი იდგა, წინა ხელისუფლება 2008 წლის რუსეთ - საქართველოს ომში და სტალინური საბჭოთა რეპრესიების შედეგად დაღუპული ადამიანების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის გახნას აპირებდა, თუმცა ეს გეგმა განუხორციელებელი დარჩა.
სტალინის ძეგლს გორში სტალინის მუზეუმის ტერიტორიაზე ზაფხულში ისევ დააბრუნებენ. ამისათვის ადგილობრივ ბიუჯეტში თანხა უკვე გამოყოფილია. ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე ამ პროცესებს, საქართველოში საბჭოთა წარსულის ზედაპირული ცოდნითა და შეფასებით ხსნის.
„მე თავის დროზე ვიძახდი რომ სტალინის ძეგლი არ უნდა მოვხსნათ გორში და ბევრს ეცინებოდა. ამაზე ამბობდნენ როგორ არ უნდა მოიხსნას?! მე მაშინ ვამბობდი, რომ ამას წინ უნდა უსწრებდეს საზოგადოებრივი დისკუსია.
არანაირი დისკუსია ამ ქვეყანაში არ მომხდარა ამ თემაზე, ღამით ჩუმად მოხსნეს სტალინის ძეგლი და ეგონათ რომ ამით მიაფუჩეჩებდნენ ისტორიას და დღეს ჩვენ ვხედავთ შედეგს, სტალინის ძეგლები გამოაქვთ და არა მხოლოდ გორში!“
ზემო ალვანში, აკურასა და კიკეთში სტალინის ძეგლების დაზიანების გამო შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მიხედვით აწარმოებს.
„სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება“ ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით - ასიდან ას ოთხმოც საათამდე; ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით - ერთ წლამდე; ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით - ერთიდან სამ წლამდე. პოლიციას ჯერჯერობით კონკრეტული ეჭვმიტანილები არ ჰყავს.
შედარებისთვის, 2010 წლის 14 აგვისტოს, თბილისში, ამერიკის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის ქუჩაზე გაკრულ ბანერზე ბუშის სახის გადაღებვა სამ აქტივისტს დაკავებითა და 400-400 ლარიანი ჯარიმით დაუჯდა. მოგვიანებით კი მათ თბილისის მერიამ ბუშის ბანერის დაზიანებისთვის ზარალის ანაზღაურება და 2000 ლარის გადახდაც მოსთხოვა.