ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პატარა გორში დიდი სტალინის ძეგლი აღარ დგას


სტალინის ძეგლის დემონტაჟი
სტალინის ძეგლის დემონტაჟი

თუმცა საქართველოში საბჭოთა ბელადის 20-ზე მეტი მონუმენტი ისევ რჩება

საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დღეს, დილის სამ საათზე, გორის ცენტრალური მოედნიდან, ქართული წარმოშობის, საბჭოთა ბელადის იოსებ სტალინის ძეგლი აიღეს.

სტალინის ძეგლი, გორშივე, სტალინის სახელობის სახელმწიფო მუზეუმის ეზოში გადაინაცვლებს, გორის ცენტრში კი იქ, სადაც, 58 წლის მანძილზე, საბჭოთა ტირანის ძეგლი იდგა, ახალი მემორიალი აშენდება.

ის, რუსეთთან ბოლო ომში და ასევე, საბჭოთა ტოტალიტარიზმის დროს დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნება. კულტურის მინისტრმა ნიკა რურუამ თქვა, რომ სტალინი სახელმწიფო დამნაშავე იყო და მისი ძეგლის ადგილი თანამედროვე საქართველოში არ არის.

სტალინი იყო, ჩემი აზრით, პოლიტიკური დამნაშავე. ის 1921 წელს შემოუძღვა საქართველოში რუსეთის ბოლშევიკურ არმიას, რომელმაც განახორციელა საქართველოს ოკუპაცია, რაც 70 წელი გაგრძელდა. სტალინი იყო ადამიანი, ვინც შექმნა, ეთნიკურ დაყოფაზე და გათიშულობაზე დამყარებული ავტონომიები, რომლებიც დღესაც, საქართველოს უდიდეს ბარიერს უქმნიან, მისი თავისუფლების, დემოკრატიის და კონსოლიდაციის საქმეში.

და, სტალინი იყო ადამიანი, ვინც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, ჩვენი ბევრი მეზობლის, მეგობრის, მოკავშირე ერების საუკეთესო ნაწილები, უბრალოდ გაანადგურა.

ერთის მხრივ, გმირთა მოედანზე გქონდეს მემორიალი, რომელიც ეძღვნება საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს და მეორე მხრივ, ერთ-ერთი ჩვენი დიდი ქალაქის მთავარ მოედანზე, გქონდეს სტალინის ძეგლი, რბილად რომ ვთქვათ, არის, ახირებული, ძალიან გაუგებარი დაუდევრობა“.

სტალინის ძეგლის აღების შესახებ, გორის მოსახლეობა წინასწარ არ გაუფრთხილებიათ. გადაწყვეტილება მხოლოდ ადგილობრივ ხელმძღანელთა ვიწრო წრისა და პოლიციისთვის იყო ცნობილი.

როგორც დღეს შუადღისას, გაირკვა, დემონტაჟის დროს, საკუთარ თანამდებობაზე უკვე აღარ იმყოფებოდა, შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებული ლადო ვარძელაშვილიც, ის, დღეს მინისტრის თანამდებობაზე წარადგინეს.

ძეგლის აღებამ სერიოზული ექცესების გარეშე ჩაიარა. იყო მცირე პროტესტი, ამ პროტესტის დაფიქსირების მცდელობისას პოლიციამ ტელეკომპანია თრიალეთის გადამღები ჯგუფი სცემა. ადგილობრივი ჟურნალისტი ლადო ბიჭაშვილი ამბობს:

„სამართალდამცველები, დაახლოებით რვა ადამიანი იქნებოდნენ, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცყოფას გვაყენებდნენ, წიხლებს გვირტყამდნენ. ამის შემდეგ, უკვე ვიდეოკამერა წაგვართვეს. კამერა, შემდეგ დაგვიბრუნა სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელმა ვლადიმერ ჯუღელმა, გადაღებული მასალა კი უკვე წაშლილი იყო.

შემდეგ, კიდევ ერთხელ მოვითხოვეთ გადაღების უფლება და ამის შემდეგ, აღარ შეუშლიათ ხელი, გადაგვაღებინეს თუ როგორ ჩამოვარდა ძეგლი და როგორ წაიღეს ამ დრომდე დაუდგენელი მიმართულებით“

გორში სტალინის ძეგლი 1952 წელს, დიდი საბჭოთა ბელადის სიცოცხლეშივე აღიმართა. მოქანდაკე შოთა მიქატაძემ და არქიტექტორებმა ზაქარია და არჩილ ქურდიანებმა ბრინჯაოს ექვსმეტრიანი ქანდაკება გრანიტის ცხრამეტრიან, სამ იარუსიან კვარცხლ-ბეკზე დადგეს.

დღემდე ითვლებოდა, რომ გორის ხანდაზმულ მოსახლეობაში სტალინის კულტი ისევ ცოცხლობდა. თუმცა, გორელთა პროტესტი ისეთი ნამდვილად არ იყო, როგორსაც მოელოდნენ. ერთადერთი რადიკალური ნაბიჯით სტალინისტების ლიდერი იმუქრება. გრიშა ონიანი ამბობს, რომ პროტესტის ნიშნად საცხოვრებლად ცხინვალში გადადის.

„ჩემთვის პირადად იმას ნიშნავდა, რომ მამის სახელი ამომიღეს ცნობიერებიდან. მე პროტესტის ნიშნად, ვთხოვ, რუსეთის პრეზიდენტს, მომცეს თავშესაფარი და მე მინდა მიცხოვრო, ჩემს მიწაზე, ჩემს ქვეყანაში, ჩემს ცხინვალში“.

გორი ერთადერთი ქალაქი იყო ყოფილ საბჭოთა კავშირში, რომლის მოსახლეობამაც საყვარელი თანამოქალაქის - სტალინის ამ ზომის ძეგლი, საბჭოთა დიქტატორის ნიკიტა ხრუშჩოვის მიერ დაწყებული კულტთან ბრძოლის პერიოდშიც შეინარჩუნა.

ძეგლის აღების რამდენიმე წარუმატებელი მცდელობა იყო, 80-იანი წლების ბოლოს, ქართული ეროვნული მოძრაობის აღმავლობის პერიოდში.

დამოუკიდებლობის დროს სტალინის ძეგლი და მუზეუმი უცხოელი ტურისტების ცხოველ ინტერესს იწვევდა, ამის მიუხედავად, დემონტაჟის საკითხი კიდევ უფრო გააქტიურდა, რუსეთთან ხუთდღიანი ომის შემდეგ. ამჯერად ინიციატივა ე.წ ლიბერალური ინტელიგენციის მხრიდან წამოვიდა, თუმცა მას მოწინააღმდეგეებიც ჰყავდა.

ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე სტალინის ძეგლის აღებას ბელადზე დაგვიანებულ შურისძიებად და საკუთარი მტკივნეული ისტორიის მიფუჩეჩების მცდელობად აფასებს.

„თუ კი ძეგლს ვხსნიდით, რაც მე, რასაკვირველია, დიდ ეროვნულ ტრაგედიად არ მიმაჩნია. კარგი იქნებოდა, რომ ამის თაობაზე, ყოფილიყო დისკუსია. ეს შანსი ჩვენ გავუშვით. გარდა ამისა, საზოგადოებრივი აზრი ყოფილიყო გამოკითხული, ესეც საინტერესო იქნებოდა, დემოკრატიის აღმშენებლობის თვალსაზრისით. გვინდა სტალინის ძეგლი თუ არ გვინდა.

გარდა ამისა, კარგი იქნება თუ გაგრძელდება ის ნაბიჯები, რაც ამ მხრივ უკვე გადაიდგა - ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტში და ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში შეიქმნა მიმართულებები სტალინიზმის კვლევებთან დაკავშირებით. კარგი იქნება, რომ სტალიზმის და საბჭოთა პერიოდის კვლევები უფრო გაღრმავდეს საქართველოში, მაშინ იქნება შესაძლებელი, საუბარი იმაზე, რომ ჩვენ დავამარცხეთ სტალინიზმი და ჩვენ შევისწავლეთ ეს პერიოდი, ვიცით ამ პერიოდის შესახებ, უფრო მეტი, ვიდრე წინათ ვიცოდით.

ჩემთვის სტალინის ძეგლის მოხსნა არის ძალიან სიმბოლური ქმედება, მე ვფიქრობ, რომ ძალიან დაგვიანებულია ძეგლის მოხსნა, ეს ერთი და ასეთი მოხსნა, როგორც ღამით მოხდა, ნაადრევი“.

საბჭოთა კავშირში სტალინის ძეგლების დადმა 1930-იანი წლებიდან დაიწყეს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ამ პროცესმა უკვე მასიური ხასიათი მიიღო და სოციალისტური ბლოკის ქვეყნებზეც გავრცელდა.

სტალინის სიკვდილის შემდეგ, პირველი ქალაქი, სადაც საბჭოთა ბელადის ძეგლი დაანგრიეს უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი იყო, მოგვიანებით სტალინის ძეგლი ააფეთქეს ჩეხოსლოვაკიის დედაქალაქ პრაღაში.

60-იანი წლებიდან მოყოლებული, მასიური ხასიათი უკვე სტალინის ძეგლების დემონტაჟმა მიიღო. ეს პროცესი, 90-აინი წლების დასაწყისამდე გაგრძელდა. უკვე 90 წლების დასაწყისიდან, მსოფლიოში სტალინის ახალი ძეგნების გახსნის ტენდენცია შეინიშნება.

დღეისათვის, რუსეთში - სტალინის 50-მდე სხვა და სხვა ზომის ძეგლი და ბიუსტი დგას. უკრაინაში - ექვსი, ჩინეთში, ბელორუსიაში და ჩეხეთის მუზეუმებში - სამ-სამი; ალბანეთში, ჰოლანდიაში, ლიტვასა და ყაზახეთში ორ-ორი ძეგლი.

სტალინის ქანდაკებებს ასევე ნახავთ ისრაელში, ინდოეთში, აზერბაიჯანში, ესტონეთში, ტაჯიკეთში, მონღოლეთში, უნგრეთში, ბელგიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც სტალინის ბიუსტი, ორი კვირის უკან, ვირჯინიის შტატის ქალაქ ბედფორდში გაიხსნა.

მშობლიური ქალაქიდან, სტალინის ძეგლის აღების შემდეგ, საქართველოს ტერიტორიაზე, ცხინვალის რეგიონის ჩათვლით, იოსებ სტალინის ოცდაორი სხვა და სხვა ზომის მონუმენტი დარჩა, მათ შორის, სტალინის ყველაზე ადრეულ ძეგლად დაბა მანგლისის ცენტრში შემორჩენილი ბიუსტი ითვლება, რომელიც 1950 წელს არის დადგმული.

XS
SM
MD
LG