ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტალინის ძეგლის მომავალი ადგილსამყოფელი


წელს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში საგანგებოდ ამ ღონისძიებისთვის 25 ათასი ლარია გამოყოფილი

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:06:06 0:00
ბმული

გორში ყველაზე მთავარი და დიდი ქუჩა დღესაც სტალინის სახელს ატარებს. 2010 წელს სტალინის ძეგლი ქალაქის ცენტრალური მოედნიდან აიღეს, თუმცა ახლა დღის წესრიგში მისი სტალინის მუზეუმის ტეროტორიაზე გადატანის საკითხი დგას. წელს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში საგანგებოდ ამ ღონისძიებისთვის 25 ათასი ლარია გამოყოფილი. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ძეგლის მონტაჟის საკითხი უკვე გადაწყვეტილია და მის შეცვლას არ უნდა ველოდეთ. დავით რაზმაძე ამბობს:

„2010 წელს, 2006 წლის მოწვევის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება სტალინის ძეგლის დემონტაჟისა და მონტაჟის თაობაზე. ხოლო 2013 წლის ბიუჯეტში, წინა ხელისუფლების მიერ სტალინის ძეგლის მუზეუმის ტერიტორიაზე მონტაჟისთვის განსაზღვრული იქნა 25 ათასი ლარი, რომელიც ამ დრომდე არ გამოყოფილა. ეს გადაწყვეტილება არ შეიძლება რომ შეიცვალოს, რადგან ეს საკრებულოს გადაწყვეიტლებაა, რომელსაც წინ უძღვოდა 6500 ხელმოწერა პეტიციის სახით, რითაც მოთხოვნილი იყო 2010 წლის 10 ივნისის გადაწყვეიტლების ძალაში შესვლა. ანუ სტალინის ძეგლის მონტაჟი მოხდეს მუზეუმის ტერიტორიაზე. მოწინააღმდეგეები რა თქმა უნდა არიან, მაგრამ უმეტესი მათგანი გაუთვითცნობიერებელია საერთოდ. არსებობენ იდეური მოწინააღმდეგეებიც, მაგრამ უმრავლესობა, ახალგაზრდობა, ძირითადად, რომელიც ყოფილი ხელისუფლების მიერ არიან ისპირირებულები, აბსოლუტურად გაუცნობიერებლად წინააღმდეგები არიან. იმიტომ, რომ იმიტომ და სხვა არგუმენტი არ გააჩნიათ. იმიტომ, რომ მიშას არ უნდა. ვერ ასაბუთებენ, რატომ არ უნდათ ძეგლი. იდეურად მეც არ ვარ სტალინის აპოლოგეტი და მომხრე, მაგრამ მიმაჩნია, რომ ესაა აუცილებელი ბრენდი, რომელიც მოიზიდავს ტურისტებს და ამდენად საჭიროა მისი განთავსება მუზეუმის ტერიტორიაზე.“

გორში რამდენიმე თვის წინ სახალხო დარბაზი ჩამოყალიბდა, რომლის წევრები ხშირად აშშ–ს მიერ დაფინანსებულ დემოკრატიული ჩართულობის ცენტში იკრიბებიან და ქალაქისთვის აქტუალურ საკთხებზე მსჯელობენ. მისი ხელმძღვანელი თამაზ მაყაშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ძეგლის არსებობა შესაძლოა ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით, მომგებიანი იყოს, თუმცა იმასაც დასძენს, რომ მისი, როგორც სამუზეუმო ექსპონატის შეფუთვა განსხვავებულად უნდა მოხდეს. თამაზ მაყაშვილი მიიჩნევს, რომ ამ ყველაფერს იდეოლოგია უნდა ჩამოვაცილოთ, დავინახოთ ამგვარად და „შევფუთოთ ახლებურად“.

„მე და ჩემი მეგობრები, სახალხო დარბაზის წევრები ამ რამდენიმე დღის წინ საგანგებოდ წავედით იმ ტერიტორიის დასათვალიერებლად,სადაც განზრახულია სტალინის ძეგლის დადგმა. თქვენ წარმოიდგინეთ, თითქმის სულ ყველა იმ აზრამდე მივედით, რომ ასეთი სიდიდის ძეგლის ადგილი იმ ადგილას არაა. ჩვენ იქ ვერ აღმოვაჩინეთ, სად შეიძლება დაიდგას ეს ძეგლი. სტალინის მომენტი ტურიზმის კუთხით ახლებურად უნდა დავინახოთ. ჩვენ გვაქვს კრეატიული მოსაზრებები ამ საკითხის თაობაზე და ბევრიც შეგვიძლია ვისაუბროთ. მაგრამ იდეოლოგია ტურიზმის თემას უნდა ჩამოვაცილოთ. ეს აუცილებელია. ადამიანს მაინც აინტერესებს ყველაფერი, მიდის და ეცნობა და უნდა ჰქონდეს ამის საშუალება სტალინის შემთხვევაშიც,“– ამბობს თამაზ მაყაშვილი.

მწერალი და არაერთი საინტერესო წიგნისა და ლექსების კრებული ავტორი ვანო ჩხიკვაძე, რომელიც ასევე გორში ცხოვრობს, ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ თავადაც ბევრჯერ შეიცვალა შეხედულებები და დამოკიდებულებები სტალინთან დაკავშირებით.

„ჩვენ უნდა ვიფიქროთ და გავიაზროთ სტალინის ფაქტორი იქიდან გამომდინარე, თუ რა მისცა საქართველოს მისმა მოღვაწეობამ, მისმა არსებობამ, მისმა თუნდაც ძალიან დიდმა ნიჭმა. რა მისცა თავის სამშობლოს? ტკივილი მეტი დაუტოვა თუ სიხარული მეტი მიანიჭა. სარგებელი რა ნახა ჩვენმა ქვეყანამ? ხომ არ შეიძლება დავით აღმაშენებელზე და სტალინზე ერთნაირად საუბარი“,– ამბობს ვანო ჩხიკვაძე.

ახალგაზრდული ორგანიზაცია „დროა“გორში რამდენიმე თვის წინ ჩამოყალიბდა. აქამდე მათ აქტივში რამდენიმე საიტნერესო პერფომანსი და სხვადასხვა საპროტესტო ღონისძიებაა, რის მოწყობასაც ფეისბუქის საშუალებით ახორციელებენ. „დროას“ ერთ–ერთი წევრი კატო ქოთლაშვილი, რომელსაც სტალინის ძეგლის საჭიროების შესახებ აზრის გამოთქმა ვთხოვეთ, ამბობს:

„მთავარი პრობლემა ისაა, რომ ბევრ ადამიანს არ აქვს სტალინის შესახებ საკმარისი ინფორმაცია და არგუმენტად მოჰყავთ მხოლოდ ის, რომ სტალინი გორელი იყო და ამდენად, გორში უნდა არსებობდეს მისი ძეგლი, ეს მომგებიანია ტურისტების მოსაზიდად და ასე შემდეგ. მე არ ვეთანხმები ამგვარ შეხედულებებს, ცუდია, როდესაც ამგვარი დამოკიდებულებები არსებობს. ახლახანს ერთ–ერთ კვლევას გავეცანი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ 13 პროცენტი საქართველოში დიდი სიამოვნებით იცხოვრებდა ქვეყანაში, სადაც სტალინი იქნებოდა მმართველი. ცუდად მენიშნა ეს ამბავი ძალიან. ამ 13 პროცენტიდან გარკვეული რაოდენობა ხომ ახალგაზრდებიც იქნებიან.“

სტალინის ძეგლის დემონტაჟი გორში, რომელიც ცენტრალურ მოედანზე იყო განთავსებული 2010 წელს განხორციელდა გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელშიც ასევე მითითებული იყო მისი მონტაჟის თაობაზე სხვა ადგილას, კერძოდ სტალინის სახელობის მუზეუმის ტერიტორიაზე. სტალინის ძეგლი ამჟამად ერთ–ერთი ორგანიზაციის საცავშია განთავსებული. მიმდინარე წელს, ადგილობრივი საკრებულოს გადაწყვეტილებით, განზრახულია მისი დადგმა სტალინის მუზეუმის ტერიტორიაზე.
XS
SM
MD
LG