ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შინზო აბე იაპონიის პრემიერის პოსტს კიდევ ერთი ვადით ინარჩუნებს


პრემიერ-მინისტრმა შინზო აბემ იაპონიის მმართველი პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, რაც გულისხმობს, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში ის სახელმწიფოს ლიდერის პოზიციაზე დარჩება.

აბეს ოპონენტი თავდაცვის ყოფილი მინისტრი შიგერუ იშიბა იყო. ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის შიდა-პარტიულ არჩევნებში აბემ 553, იშიბამ კი 254 ხმა მოიპოვა. ვადის დასრულების შემდეგ, 63 წლის აბე იაპონიის ისტორიაში შევა, როგორც პრემიერ-მინისტრი, რომელსაც ყველაზე დიდხანს ეკავა თანამდებობა.

აბე იაპონიის პრემიერ-მინისტრი პირველად 2006 წელს გახდა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ თანამდებობა მოულოდნელად დატოვა. ხელისუფლებაში ის 2012 წლის დეკემბერში დაბრუნდა. მაშინ არჩევნებში გამარჯვების ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი მისი ეკონომიკური გეგმა იყო, რომელიც „აბე-ნომიკის“ სახელითაა ცნობილი.

პრემიერობის მომდევნო ვადის განმავლობაში, შინზო აბე, სავარაუდოდ, იაპონიის პაციფისტური კონსტიტუციის შეცვლაზე გაამახვილებს ყურადღებას. კონსტიტუციის თანახმად, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იქნა მიღებული, იაპონიის შეიარაღებულ ძალებს მხოლოდ თავდაცვითი ოპერაციების ჩატარება შეუძლია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG