საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთი ყველაზე დიდ სამხედრო წვრთნებს ატარებს. მასში მონაწილეობენ ჩინეთის სახალხო არმიის დანაყოფები, მათ შორის - 3000 ჩინელი ჯარისკაცი და 30 თვითმფრინავი. სამხედრო წვრთნები 17 სექტემბრამდე გაგრძელდება აღმოსავლეთ ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთში, მონღოლეთის საზღვრის გასწვრივ.
ჩინეთსა და რუსეთს აქამდეც ჩაუტარებიათ ერთობლივი სამხედრო წვრთნები, თუმცა ამ მასშტაბის - არა. ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია და აშშ აცხადებენ, რომ სიტუაციას კარგად აკვირდებიან.
წვრთნების მთავარი მიზნებს შორის სახელდება: სამხედრო ძალების უნარის შემოწმება ჯარების შორ მანძილებზე გადასაყვანად; სახმელეთო ძალების საზღვაო ძალებთან თანამშრომლობის ხარისხის დაზუსტება; მართვისა და კონტროლის პროცედურების გაუმჯობესება; შეტევითი და თავდაცვითი შესაძლებლობების კონტროლი.
როგორც ვაშინგტონში მდებარე, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ექსპერტმა გრანტ ნიუსჰამმა „ამერიკის ხმას“ უთხრა, ეს წვრთნები, სავარაუდოდ, დიდი და კომპლექსური ოპერაციების დაწყებაზე არ მიუთითებს. თუმცა, ისინი ნატოსა და აშშ-სთვის მაინც საფრთხედ აღიქმება.
ამ ფონზე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ოთხშაბათს მიანიშნა, რომ რუსეთი და იაპონია უახლოეს მომავალში სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერენ ხელს. ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს წლის ბოლომდე, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი დაპირისპირების აღმოფხვრას ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. ლაპარაკია ოთხ, ყოფილ იაპონურ კუნძულზე, რომლებიც რუსეთს 1945 წლიდან ოკუპირებული აქვს.
იაპონიის პრემიერ მინისტრმა შინზო აბემ ოთხშაბათს, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან ვლადივოსტოკში გამართული შეხვედრისას, აღნიშნა, რომ შესაძლოა ჩინეთს ოქტომბერში ესტუმროს. ეს იაპონელი ლიდერის პირველი ვიზიტი იქნება ჩინეთში 2011 წლიდან.
Facebook Forum