ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სერგეენკო პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ხდება


დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის მთავრობაში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებებია. თანამდებობა დატოვა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, რომელიც ამ პოსტზე 2012 წლის ოქტომბერში, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაინიშნა და სამინისტროს 7 წლის მანძილზე უძღვებოდა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე ინიშნება ეკატერინე ტიკარაძე. ის აქამდე საჩხერის კლინიკას ხელმძღვანელობდა, ისევე როგორც ჯანდაცვის მინისტრობამდე - დავით სერგეენკო.

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, სერგეენკო მუშაობას მის მრჩევლად გააგრძელებს. საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდისთვის განსაკუთრებით საამაყოა ჯანდაცვის სისტემაში 2012 წლიდან გატარებული, მისივე თქმით, წარმატებული რეფორმა, რომელიც დავით სერგეენკოს სახელს უკავშირდება.

მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა, რომელიც საქართველოში ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში შემოიღეს, ადამიანზეა მორგებული. პრემიერმა ასევე წარმატებულად მოიხსენია C (ცე) ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება.

ბრიფინგზე სერგეენკომ განმარტა, რომ ეს გადაწყვეტილება არ იყო მოკლევადიანი და მას ხანგრძლივი კონსულტაციები უძღოდა წინ. ჯანდაცვის ახლა უკვე ყოფილი მინისტრის თქმით, ის რჩება გუნდში, რომელთანაც საერთო ღირებულებები აერთიანებს და რომლის გადაწყვეტილება [საყოველთაო ჯანდაცვის შემოღების თაობაზე], ათობით ათასი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას უკავშირდება. "მე არსად მივდივარ, ვრჩები გუნდში და უფრო მეტიც, ეს არის ერთადერთი ჩემი ხედვა, რომ ამ გუნდთან ერთად ვიმუშაო“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ გამოკითხვების მიხედვით, სერგეენკო საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია. მისი რეიტინგი, შეერთებული შტატების ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ სულ ახლახან, მაისში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, 40 პროცენტს აღწევს. ამ გამოკითხვის მიხედვით, პოლიტიკოსებისადმი დადებითი განწყობის მხრივ, დავით სერგეენკო თბილისის მერ, კახა კალაძესთან ერთად, საქართველოში პირველ ადგილზეა.

სერგეენკოს განცხადებით, მისივე რეკომენდაციით დაინიშნა თანამდებობაზე ეკატერინე ტიკარაძე. ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ მათ ხანგრძლივი, 10-წლიანი თანამშრომლობის გამოცდილება აქვთ, მათ შორის - ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით.

მთავრობის ბრიფინგზე ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ჯანდაცვის სისტემაში დაწყებული რეფორმები ისევ გაგრძელდება. მისი თქმით, რეფორმების პირველი ფაზა წარმატებით დასრულდა. მეორე ფაზის მიზნებად ტიკარაძემ უფრო ეფექტური და მიზნობრივი მართვა დაასახელა.

ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ სამინისტროს ახალი მმართველობის პრიორიტეტად დარჩება პაციენტის უფლებები, მედიკამენტებზე წვდომა და მკურნალობის მაღალი ხარისხი. მან ხაზი გაუსვა არსებულ გამოწვევებსაც, რომელიც ახალი მინისტრის თქმით, უკავშირდება სოციალურ სფეროს, დევნილებს და შრომის უსაფრთხოებას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG