10 იანვარს, რუსეთსა და ამერიკას შორის დაგეგმილ შეხვედრას წამყვანი დიპლომატები უხელმძღვანელებენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოლაპარაკებების წამყვანი დიპლომატები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი და ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვენდი შერმანი იქნებიან.
უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედროების მობილიზებისა და რუსეთ-უკრაინას შორის დაძაბული ურთიერთობების ფონზე, 10 იანვარს ამერიკა-რუსეთი სწორედ ამ თემებს განიხილავენ. იმავე თემებზე სასაუბროდ, დღეს ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგება.
რუსეთი იმედოვნებს, რომ 10 იანვარს დაგეგმილ შეხვედრაზე ამერიკისგან უსაფრთხოების ახალ და დამატებით გარანტიებს მიიღებს. მათ შორის იმაზეც, რომ ნატო აღმოსავლეთ ევროპაში მეტად აღარ გაფართოვდება.
დღევანდელ ზართან დაკავშირებით კი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ ზარი პუტინის ინიციატივით განხორციელდება.
ტელეგრამაში, რომლითაც ბაიდენმა პუტინს ახალი წელი მიულოცა, ნათქვამია, რომ რუსეთი და ამერიკა ერთად და კონსტრუქციულად უნდა მუშაობდნენ და ჩართულნი უნდა იყვნენ დიალოგში, რომელიც დამყარებულია ორმხრივ პატივისცემასა და ერთმანეთის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებაზე.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის საზღვართან ათიათასობით რუსი სამხედროა მობილიზებული, დასავლეთიდან კი მწვავე კრიტიკა ისმის ამის გამო, რუსეთი უარყოფს უკრაინაზე თავდასხმის გეგმას და ამბობს, რომ სამხედროები რუსეთის ტერიტორიაზე არიან განლაგებულნი.
Facebook Forum