აშშ-ის სენატის დემოკრატების მცდელობა, დაახლოებით, 8 მილიონი უკანონო იმიგრანტისთვის ამერიკაში დარჩენის უფლება ლეგალურად მიენიჭებინათ, მნიშვნელოვან დაბრკოლებას გადააწყდა. სენატის საპარლამენტო მრჩეველმა ელიზაბეთ მაკდონამ, რომელიც სენატის შიდაგანაწესზე და საპარლამენტო პროცედურების ლეგიტიმურ მხარეზე მუშაობს, არ დაამტკიცა დემოკრატების წინადადება ბიუჯეტის $3.5 ტრილიონის მოცულობის ხარჯვით ნაწილზე.
დემოკრატების მიზანი იყო ხარჯვით ნაწილში ჩართოთ ამერიკის მოქალაქეობის მინიჭების საკითხი იმ ემიგრანტებისთვის, ვინც ფერმებზე მუშაობს, კრიტიკულად მნიშვნელოვან სამსახურებშია დასაქმებული, თუ "დაკას" სახელით ცნობილი პროგრამის წევრია. ამ უკანასკნელი პროგრამის მონაწილეები მეოცნებეების სახელითაც არიან ცნობილი და წარმოადგენენ ამერიკაში მცხოვრებ და მომუშავე ადამიანებს, რომლებიც შეერთებულ შტატებში მშობლებმა მცირეწლოვან ასაკში შემოიყვანეს და მათ ამერიკის გარდა, სხვა სამშობლო არ ახსოვთ.
სენატის დემოკრატიული უმრავლესობის ლიდერი ჩაკ შუმერი ამბობს, რომ დემოკრატები "ძლიერ იმედგაცრუებულნი არიან". თუმცა, მისი თქმით, ბრძოლა იმიგრანტებისთვის ლეგალური სტატუსის მინიჭებაზე ჯერ არ დასრულებულა და კვლავაც გაგრძელდება. სენატის დემოკრატებს მომზადებული აქვთ ალტერნატიული შეთავაზებები და ისინი სენატის საპარლამენტო მრჩეველთან კონსულტაციებს გააგრძელებენ.
საკითხი დემოკრატებისთვის პრინციპული მნიშვნელობისაა და ივლისში პრობლემა განსაკუთრებით გამწვავდა, რადგან სასამართლომ გადაწყვეტილება "დაკას" წინააღმდეგ გამოიტანა. პროგრამაში, დაახლოებით, 640 000 ახალგაზრდა იმიგრანტი ერთიანდება.
კვირას მიღებული გადაწყვეტილების შესახებ თეთრმა სახლმაც ანალოგიური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ეს "ღრმად იმედგაცრუებელია". პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია იმედს გამოთქვამს, რომ სენატი იმიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებში "ალტერნატიულ" გზებს გამონახავს.
სენატის რესპუბლიკელი წარმომადგენლები ამ ნაბიჯს მიესალმებიან. სენატის იურიდიული კომიტეტის ერთ-ერთმა წამყვანმა წევრმა ჩაკ გრასლიმ "ტვიტერზე" დაწერა, რომ "მილიონობით არალეგალური იმიგრანტისთვის მასობრივი ამნისტია არ წარმოადგენს საბიუჯეტო საკითხს".
შეერთებული შტატების სენატის უმცირესობის ლიდერი მიტჩ მაკკონელი ამბობს, რომ დემოკრატებისთვის ეს მცდელობა განწირულია. ის დარწმუნებულია, რომ "დემოკრატები ვერ შეძლებენ თავისი ყველაზე რადიკალური ამნისტიის შეთავაზებების ჩასმას უგუნურ საგადასახადო და ხარჯვით ღრეობაში, რომელიც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს".
Facebook Forum