შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და ამერიკის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი იაპონელ კოლეგებს ხვდებიან. ამერიკასა და იაპონიას შორის „ორს პლიუს ორი“ ფორმატში შემდგარი ეს შეხვედრა ორ ქვეყანას შორის ინდოეთ-წყნარი ოკეანის აუზში პარტნიორობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.
ამერიკის პირველი დიპლომატი და პენტაგონის შეფი იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრ ტოშიმიცუ მოტეგის და თავდაცვის მინისტრ ნობუო კიშის ხვდებიან. ეს ამერიკის მაღალჩინოსნებისთვის პირველი საერთაშორისო ვიზიტია ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მმართველობის დაწყების შემდეგ.
შეხვედრამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ბლინკენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონსა და ტოკიოს საერთო ღირებულებები აქვთ და „დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის სჯერათ“, მაგრამ ეს ფასეულობები ახლა „საფრთხის ქვეშაა“, იქნება ეს ჩინეთსა თუ მიანმარში.
მოტეგის თქმით, ამერიკელ პარტნიორთან ერთად, ის ეწინააღმდეგება ჩინეთის მცდელობას შეცვალოს სტატუს კვო აღმოსავლეთ და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, სადაც პეკინი აგრესიულად აფართოებს სამხედრო შესაძლებლობებს და თითქმის მთელი რეგიონის მასშტაბით ტერიტორიულ პრეტენზიებს უცხადებს მეზობელ ქვეყნებს.
ერთობლივ სტატიაში, რომელიც ბლინკენმა და ოსტინმა ტოკიოში გამგზავრებამდე „ვაშინგტონ პოსტში“ გამოაქვეყნეს, ისინი ამბობენ, რომ „ჩინეთი ცდილობს რეგიონში საერთაშორისო წესრიგი შეცვალოს“.
ტოკიოდან ბლინკენი და ლოიდი სამხრეთ კორეაში გაემგზავრებიან.
Facebook Forum