რუსეთში რეკორდული სიცხის გამო ხორბლის მოსავალი მნიშვნელოვნად დაზარალდა. შედეგად მსოფლიო ბაზრებზე ხორბლის ფასი საგრძნობლად გაიზარდა. სიცხის გამო სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის მოყვანაც გართულდა. ახალმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ ბოლო ათწლეულების მანძილზე მზარდი ტემპერატურის გამო ბრინჯის წარმოებაც დაზარალდა. ყოველივე ეს შეიძლება იყოს იმის მომასწავებელი, რომ კლიმატის ცვლილებამ მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს აგრარულ რეგიონებში სურსათის გლობალური მარაგი შეიძლება დიდი საფრთხის წინაშე დააყენოს.
შეერთებული შტატების სამხრეთში წლევანდელი ზაფხული ძალზედ გვალვიანი აღმოჩნდა. ლუიზიანას შტატი შეერთებულ შტატებში მესამე ადგილზეა ბრინჯის წარმოებაში. გასულ წელს აქ ბრინჯის წარმოებამ 1.3 მილიონ ტონას მიაღწია.
მაგრამ მაღალი ტემპერატურა მოსავალს საფრთხეს უქმნის. წელს ცხელი ღამეების გამო ბრინჯს ბაქტერიული ავადმყოფობა გაუჩნდა. ბრინჯის მწარმოებელი ფერმერი კლარენს ბერკენი აღნიშნავს, რომ შედეგად მოსავალი ზოგიერთ ნაკვეთზე 25-30 პროცენტით შემცირდა.
ბერკენის მსგავს ბრინჯის მწარმოებელ ფერმერებს შეიძლება კიდევ უფრო მეტი სადარდებელი გაუჩნდეთ. ამერიკის მეცნიერების ეროვნული აკადემიის ახლახან გამოქვეყნებულ გამოკვლევაში გაანალიზებულია ბრინჯის მწარმოებელ აზიის ექვს რეგიონში განლაგებული 227 ფერმიდან მოწოდებული მონაცემები. მკლევარებს აინტერესებდათ ის, თუ რამდენად დამოკიდებულია ბრინჯის წარმოება კლიმატურ ცვლილებებზე და ამ მიზნით ისინი გასული 25 წლის მონაცემებით ხელმძღვანელობდნენ. გამოკვლევის მთავარი ავტორი კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი ჯეროდ ველჩი აღნიშნავს, რომ გამოკვლევის შედეგები უაღესად შემაშფოთებელია.
„ღამე მაღალი ტემპერატურები მოსავალს ამცირებს,“ განაცხადა ველჩმა.
პროგნოზების თანახმად ღამის ტემპერატურები კლიმატის ცვლილების გამო უფრო სწრაფად გაიზრდება ვიდრე დღის ტემპერატურები.
ველჩი აღნიშნავს, რომ ტემპერატურის ზრდამ სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობაზე უარყოფით გავლენას მოახდენს, რაც მომავალში ბრინჯს უსათუოდ გააძვირებს. ხოლო ბრინჯი მსოფლიოს ღარიბი მოსახლეობისთვის ძალზედ მნიშვნელოვან პროდუქტს წარმოადგენს. ამასთან დაკავშირებით ველჩმა აღნიშნა:
„იმ ხალხის რიცხვი, ვინც დამოკიდებულია ბრინჯზე, ნამდვილად ასტრონომიულია. ყოველ დღე ბრინჯს დაახლოებით სამი მილიარდი ადამიანი მიირთმევს. ხოლო 600 მილიონისთვის ბრინჯი გადარჩენის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს. ეს 600 მილიონი კი მსოფლიოს მოსახლეობის უღარიბეს მილიარდში შედის.“
მაღალი ტემპერატურების გამო ზარალდებიან არა მხოლოდ ბრინჯის მომხამრებლები. გასულ შემოდგომას გამოქვეყნებული გამოკვლევის თანახმად, შეერთებულ შტატებში სიმინდის, სოიოსი და ბამბის წარმოება მცირდება იმ შემთხვევაში თუ მოსავალი ნორმალურზე მაღალი ტემპერატურის პირობებში იზრდება. იმისდამიხედვით თუ რამდენად სწრაფად გაიზრდება საშუალო ტემპერატურა კლიმატის ცვლილების გამო ამ საკუნის განმავლობაში, გამოკვლევის პროგნოზის თანახმად, მოსავალი შეიძლება 30-80 პროცენტით შემცირდეს.
რუსეთში გვალვით დაზარალებული ხორბლის მოსავლის გამო მსოფლიო ბაზრებზე ხორბალზე ფასის მომატება შეიძლება იმის მომასწავებელი იყოს, თუ როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში, აღნიშნავს ვაშინგტონში მდებარე დედამიწის პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი ლესტერ ბრაუნი.
„ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ რა გავლენას ახდენს მზარდი ტემპერატურა მარცვლეული კულტურების მოსავლიანობაზე...თუ თქვენ აგრონომი ხართ ან ის, ვისაც მსოფლიოს სასურსათო უსაფრთხოების მომავალი ადარდებს, თქვენ ბევრი რამ გექნებათ სანერვიულო ტემპერატურის ზრდის პროგნოზებთან დაკავშირებით,“ აღნიშნავს ბრაუნი.
მაგრამ პენსილვანიის შტატის უნივერსიტეტის მცენარეთა სპეცალისტისა და შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მრჩევლის ნინა ფედოროფის აზრით, მოსავლიანობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული გამოკვლევები ყოველთვის იქნება მსოფლიოს სასურსათო მოთხოვნილების დაკმაყოფილების ერთადერთი საშუალება. თუმცა ფედოროფი აღიარებს, რომ კლიმატის დათბობა უდავოდ პრობლემებს გამოიწვევს.
მას მიაჩნია, რომ ამჟამინდელი კომერციული მოსავლები მხოლოდ ზომიერი კლიმატისთვის არის გამიზნული, რაც იმას ნიშნავს, რომ აგრონომები ვერ შესძლებენ მათ გარდაქმნას უფრო ცხელი და გვალვიანი კლიმატისთვის.
„გვალვის გამძლე ჯიშების მოშენება არ შექმნის ისეთ მოსავალს, რომელიც დღევანდელზე უფრო ნაყოფიერი იქნება. შედეგად ჩვენ უბრალოდ მივიღებთ ისეთ მოსავალს, რომელიც მაღალ ტემპერატურას უფრო გაუძლებს,“ დასძენს ფედოროფი.
მეცნიერებს დასჭირდებათ ისეთი მოსავლების გამოყვანა, რომელიც ბევრად უფრო ნაყოფიერი იქნება, რადგან მსოფლიოს მოსახლეობა 2050 წლისათვის დაახლოებით 50 პროცენტით გაიზრდება.