ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი შავ ზღვაში ამერიკის "პროვოკაციების" წინააღმდეგ ზომებზე საუბრობს


ანდრეი ბელოუსოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი
ანდრეი ბელოუსოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანდრეი ბელოუსოვმა არმიის გენერალურ შტაბს უბრძანა, განიხილონ და წარადგინონ წინადადებები იმაზე, თუ როგორ შეიძლება შავ ზღვაზე მოქმედი ამერიკული სტრატეგიული დრონების „პროვოკაციებთან“ სწრაფად გამკლავება. განცხადებას პარასკევს, 28 ივნისს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე გაზრდილია ამერიკული დრონების აქტივობა. ეს კი სამიზნე ობიექტებზე სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შანსს ზრდის მაღალი სიზუსტის დასავლური იარაღისთვის, რომელსაც უკრაინა რუსეთის ობიექტებზე თავდასხმისთვის იყენებს.

"ეს შეერთებული შტატებისა და ნატოს ქვეყნების მზარდი ჩართულობის დემონსტრაციაა უკრაინის კონფლიქტში, კიევის რეჟიმის მხარეს“, - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში. განცხადების მიხედვით, „მსგავსი ფრენა ზრდის საჰაერო სივრცეში რუსულ თვითმფრინავებთან ინციდენტების ალბათობას, რაც [ნატოს] ალიანსსა და რუსეთის ფედერაციას შორის პირდაპირი დაპირისპირების რისკს ზრდის". ასეთი ინციდენტების შემთხვევაში, პასუხისმგებლობას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ნატოს ქვეყნებს დააკისრებს.

განცხადებაში ყირიმი, რუსეთის მიერ 2014 წელს ანექსირებული უკრაინის ტერიტორია, კონკრეტულად დასახელებული არ არის. მასში მხოლოდ შავი ზღვის რეგიონია მითითებული. თუმცა, უკრაინის ძალების სამიზნეში ხშირად სწორედ ყირიმში განლაგებული რუსეთის სამხედრო ობიექტებია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG