ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის დრონებით შეტევამ იზმაილში 3 უკრაინელი მოკლა


მეხანძრე უკრაინის ქ. იზმაილში რუსეთის თავდასხმის შედეგად გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ცდილობს. 27 სექტემბერი, 2024 წ.
მეხანძრე უკრაინის ქ. იზმაილში რუსეთის თავდასხმის შედეგად გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ცდილობს. 27 სექტემბერი, 2024 წ.

27 სექტემბერს, რუსეთმა დრონებით მიიტანა იერიში უკრაინის სამხრეთში მდებარე ქალაქ იზმაილზე. ოდესის ოლქის პროკურატურის ცნობით, თავდასხმას სამი ადამიანი ემსხვერპლა და 14 დაშავდა, მათ შორის სამი ბავშვია.

მომხდარს "მასშტაბური ტერორი" უწოდა ოდესის გუბერნატორმა ოლეჰ კიპერმა. მან "ტელეგრამზე" დაწერა, რომ დამწვარია საცხოვრებელი სახლები და სხვა ნაგებობები.

შუაღამით რუსეთმა სარაკეტო იერიში უკრაინის ცენტრალურ ნაწილზეც მიიტანა. ქალაქ დნიპროშიც ხანძარი გაჩნდა და დაზიანდა იქ მდებარე საწარმო. ამის შესახებ ინფორმაციას "ტელეგრამზე" დნიპროპეტროვსკის გუბერნატორი სერჰი ლისაკი ავრცელებს.

დრონებით და რაკეტებით თავდასხმამ დნიპროში ინფრასტრუქტურაც დააზიანა. თუმცა, ლისაკის თქმით, რუსეთის იერიშებს დნიპროპეტროვსკის ოლქში მსხვერპლი არ მოჰყოლია.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის განცხადებით, ღამით მათ 32 დრონიდან 24 ჩამოაგდეს. "ტელეგრამზე" გავრცელებული მათივე ცნობით, აქედან ერთმა დრონმა რუმინეთის საჰაერო სივრცე გადაკვეთა. დრონების გარდა, ღამით განხორციელებული იერიშის დროს, რუსეთმა გამოიყენა ერთი ბალისტიკური და ორი საკრუიზო რაკეტა.

დღესვე, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ფსბ) ყირიმის რეგიონულმა ოფისმა განაცხადა, რომ მათ ყირიმში უკრაინის ორი აგენტი დააკავეს. 2014 წელს მომხდარი ანექსიის შემდეგ, უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულს რუსეთი აკონტროლებს.

რუსეთის უშიშროების განცხადებით, დაკავებული ადამიანები კიევს გადასცემდნენ ცნობებს რუსეთის სამხედრო ობიექტებზე. აღნიშნულ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "ტასი" ავრცელებს.

დაკავებულთაგან ერთ-ერთი უკრაინას აწვდიდა ქერჩში მდებარე საჰაერო თავდაცვის ობიექტის კოორდინატებს. რუსეთის უშიშროების განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ყირიმში მცხოვრები 45 წლის პირი კიევს სადაზვერვო ინფორმაციას მათზე სარაკეტო იერიშების მიტანის მიზნით უგზავნიდა. "ტასის" ცნობით, მეორე დაკავებული 43 წლისაა და ისიც დახმარებას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს უწევდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG