ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული დიპლომატიის გააქტიურება სირიაში


სერგეი ლავროვი სირიის საგარეო საქმეთა მინისტრ ვალიდ ალ-მუალემს პეტერბურგში შეხვდა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული


პარასკევს სერგეი ლავროვი სირიის საგარეო საქმეთა მინისტრ - ვალიდ ალ-მუალემს პეტერბურგში შეხვდა. შეხვედრა სირიაში სრულმასშტაბიანი სამოქალაქო ომის საშიშროების თავიდან აცილებისთვის გადადგმულ ნაბიჯად მოიაზრებოდა. ორსაათიანი საუბრის შემდეგ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კრიზისის დარეგულირების ამერიკულ ვარიანტს „პოლიტიკურად აბსოლუტურად არარეალური“ უწოდა. შეერთებული შტატები დაპირისპირებულ მხარეებს შორის პოლიტიკური შეთანხმების მიღწევისთვის სირიის პრეზიდენტის - ბაშარ ალ-ასადის გადადგომის წინადადებით გამოვიდა.

„ჩვენი ამერიკელი კოლეგების თქმით, სირიელი ხალხის მომავალი თავად სირიელებმა უნდა გადაწყვიტონ, ოღონდ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ასადი გადადგება“ - განაცხადა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიბიის და ეგვიპტის მაგალითი მოიყვანა და დასძინა, რომ პრეზიდენტი ასადისთვის გადადგომა ახლა სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი იქნებოდა. ამის სანაცვლოდ მან სირიის მთავრობის წინადადება გაახმოვანა. მასში ნათქვამია, რომ თუკი ოპოზიცია შემხვედრ ნაბიჯს გადადგამს, ხელისუფლება მზად არის სირიის დიდი თუ პატარა ქალაქებიდან შეიარაღებული ძალები გაიყვანოს. შემდეგი ეტაპი საერთაშორისო დამკვირვებლების ზედამხედველობით ჩატარებული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები იქნებოდა.

რამდენიმე დღით ადრე სირიის საკითხი შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ პრეზიდენტ პუტინთან და პრემიერ-მინისტრ - დევიდ კამერონთან შეხვედრაზეც წამოჭრა. პუტინმა სირიასთან დაკავშირებით დაახლოებით იმავე ტიპის განცხადება გააკეთა: რეჟიმი სირიაში გარე ძალების ზეწოლით არ შეიცვლება და მისი ბედი კონსტიტუციურად, ქვეყნის შიგნით უნდა გადაწყდეს.

ვლადიმირ პუტინმა განცხადება მექსიკის ქალაქ ლოს კაბოსში გამართული დიდი ოცეულის სამიტზე გააკეთა. მის გამოსვლას წინ უძღოდა არაორაზროვანი მინიშნებები იმის შესახებ, რომ სირიაში ცივი ომის ყოფილ მონაწილეებს შორის ქიშპის განახლების საშიშროება გაჩნდა, იგულისხმებოდა რა მოსკოვის და ვაშინგტონის მიერ დაპირისპირებული მხარეების დაფინანსება.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სირიულ ოპოზიციურ დაჯგუფებებს სამედიცინო და საკომუნიკაციო მოწყობილობების შესაძენად 15 მილიონი დოლარი გამოუყო. გაზეთ „ნიუ იორკ თაიმსის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ოფიცრები სამხრეთ თურქეთში ზრუნავენ იმაზე, რომ თურქეთიდან, კატარიდან და საუდის არაბეთიდან სირიაში გაგზავნილი იარაღი ალ-ყაიდასმაგვარი ექსტრემისტული დაჯგუფებების ხელში არ ჩავარდეს.

პარალელურად დასავლეთი რუსეთს პრეზიდენტ ასადის მორალურ და მატერიალურ მხარდაჭერაში ადანაშაულებს, რამაც 10 ათასამდე მსხვერპლი გამოიწვია. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვი შავი ზღვიდან სირიის პორტ ტარტუსში მის დაქვემდებარებაში მყოფ ხმელთაშუა ზღვის ბაზაზე დამატებით 3 სამხედრო გემს აგზავნის. ამასთან ერთად მურმანსკში ვერტმფრენებით დატვირთულმა გემმა სირიის პორტში დასაცლელად დაზღვევა შეიძინა.

კრემლის საგარეო პოლიტიკა დასავლეთისგან განსხვავებით შინ დიდი პოპულარობით სარგებლობს. ლიბანელი სამერ ხაზიმე, საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტის სტუდენტი მოსკოვში, ამბობს, რომ მის თანაკურსელებს რუსეთის საერთაშორისო პოლიტიკაში რეანიმირება და ერთ-ერთი მთავარი როლის შესრულება ძალიან მოსწონთ.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთი საგრძნობლად დასუსტდა. ახლა კი ის ძალებს იკრებს და თავს ხელახლა იმკვიდრებს. სულ უფრო და უფრო მეტად ექცევა ყურადღება იმას, თუ რა განაცხადა რუსეთმა, რა პოზიციაზეა ის. მას ანგარიშს აშკარად უფრო უწევენ“ - ამბობს სამერი.

მოსკოვი ასადის ოჯახის რეჟიმს უკვე 40 წელიწადია, რაც იარაღით ამარაგებს. ასობით სირიელმა სამხედრო ოფიცერმა განათლება მოსკოვში მიიღო. თუმცა, ზოგიერთი ანალიტიკოსი თვლის, რომ ინფორმაცია დამასკოზე კრემლის გავლენის შესახებ ხშირად რეალობას სცილდება და ზედმეტად გადაჭარბებულია. მკვლევარი ალექსეი ფერნენკოც ამ აზრისაა:

„მგონია, რომ ამერიკელებს ცოტა ზედმეტი წარმოდგენა აქვთ სირიაზე რუსეთის არსებული გავლენის შესახებ. რუსეთს საკმარისი ნდობა აქვს და პრეზიდენტ ასადთან კონსულტაციების წარმოება შეუძლია, მაგრამ არც რუსეთს და არც ჩინეთს სირიის ხელისუფლებაზე დიდი გავლენა არ გააჩნია“ - აღნიშნავს მეცნიერი.

ასეა თუ ისე, სირიის საკითხებზე გამართულ საერთაშორისო შეხვედრებზე რუსეთს მოლაპარაკების მაგიდასთან ერთ-ერთი მთავარი სავარძელი ყოველთვის გამზადებული აქვს. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი 28 ივნისს პეტერბურგს ესტუმრება, რათა აზიის და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნების საგარეო უწყებათა ხელმძღვანელების მორიგ შეხვედრას დაესწროს.
.​
XS
SM
MD
LG