ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი გლობალური ინტერნეტსივრცისგან განცალკევებას ცდილობს


რუსული საინფორმაციო სააგენტო RBC იტყობინება, რომ ქვეყანამ წარმატებით მოახერხა გლობალური ინტერნეტსივრცისგან გათიშვა. სააგენტოს ცნობით, საცდელი ოპერაციები ივნისსა და ივლისში ჩატარდა.

რუსეთში 2019 წელს სპეციალური კანონი მიიღეს, რომელიც ინტერნეტის "რუსული ნაწილის გარე საფრთხეებისგან დაცვას" ისახავს მიზნად. ხელისუფლების განმარტებით, "სუვერენული ინტერნეტის" შესახებ კანონი იყო პასუხი ამერიკის სეერთებული შტატების "აგრესიული ხასიათის მქონე კიბერ-უსაფრთხოების პოლიტიკაზე". კანონმა შესაძლებელი გახადა მოსკოვის კონტროლის გაზრდა რუსეთიდან მსოფლიო ქსელზე წვდომაზე და სიტყვის თავისუფლების კუთხით მომუშავე ორგანიზაციების შეშფოთება გამოიწვია. ისინი შიშობენ, რომ ეს ნაბიჯი კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ხელისუფლების კონტროლს ქვეყნის კიბერ-სივრცეზე - ე.წ. "რუ-ნეტზე".

15 ივნისიდან-15 ივლისამდე პერიოდში ჩატარებულმა ტესტირებამ რუსეთის ოთიხვე უმთავრესი სატელეკომუნიკაციო კომპანია მოიცვა. RBC-ის ცნობით, ამ საკითხზე მომუშავე ჯგუფის წევრების პირველადი ინფორმაციით, ტესტირება წარმატებული იყო. ამ საცდელი ქმედებების მიზანი კი იმის განსაზღვრა იყო, შეუძლია თუ არა "რუ-ნეტს" გარე "საფრთხეების, შეფერხებისა თუ ბლოკირების" პირობებშიც მუშაობა.

კრემლის პრეს-სპიკერი დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ ხელისუფლებამ ამ ტესტების შესახებ იცოდა და ეს ძალიან დროულია, რადგან "რუსეთი ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს"

ვლადიმირ პუტინიც და სახელმწიფო მარეგულირებელი კომისიაც "როსკომნადზორიც" აცხადებენ, რომ ამ ქმედებების მიზანი რუსული ინტერნეტ სისტემის დაცულობის უზრუნველყოფაა იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთის კონტროლს მიღმა არსებულ სივრცეში, სხვა სახელმწიფოებში ქსელი "ან გაითიშება ან "დაინფიცირდება".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG