რუსეთის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ სამხედრო წყალქვეშა ხომალდზე, სადაც რამდენიმე დღის წინ ხანძარი გაჩნდა, 14 მეზღვაური დაიღუპა. ვლადიმირ პუტინის თქმით, ის ბირთვული იარაღით იყო აღჭურვილი, მაგრამ სერიოზულად არ დაზიანებულა.
ორშაბათს მომხდარ ხანძარზე პუტინი ჟურნალისტებს დღეს ესაუბრა. პრეზიდენტის აპარატის განცხადებით, პუტინმა გამოსვლამდე კონსულტაცია თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან გაიარა.
შოიგუს თქმით, წყალქვეშა ნავი დალუქულია და პერსონალი გაყვანილი. მეზღვაურებმა მოახერხეს, რომ ნავი სამუშაო მდგომარეობაში შეენარჩუნებინათ.
დაზიანებული ნავი ახლა რუსეთის საპორტო ქალაქ სევერომორსკში იმყოფება. ოფიციალური ვერსიით, 14 მეზღვაური კვამლის შესუნთქვის გამო გარდაიცვალა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ სულ რამდენი მეზღვაური იმყოფებოდა იქ ხანძრის გაჩენის მომენტში. ნორვეგიის ოფიციალური პირები რადიაციას პერიოდულად ამოწმებენ და აცხადებენ, რომ მიმდებარე წყლებში რადიაციის გაჟონვა ამ ეტაპზე არ ფიქსირდება.
Facebook Forum