რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტი აცხადებს, რომ რუსული სამხედრო ხომალდები ოთხშაბათს ბარენცის ზღვაში შევიდნენ.
რუსეთის არქტიკულ წრთვნებში, დაახლოებით, 30 სამხედრო ხომალდი და 20 საფრენი აპარატია ჩართული, პერსონალი 1200 ადამიანითაა დაკომპლექტებული. არქტიკული წრთვნები მიზნად ისახავს ჯარების საბრძოლო მზადყოფნის და ჩრდილოეთ ზღვის მარშრუტის დაცვის შესაძლებლობის შეფასებას.
ჩრდილოეთის ფლოტის განცხადებით, წვრთნების დროს ჯარები შეიმუშავებს სამხედრო საფრთხეების მოგერიებას, ასევე „კრიზისის შემთხვევაში, რუსეთის საზღვაო ზოლებისა და საზღვაო ეკონომიკური აქტივობის ზონის უსაფრთხოების უზრუნველყოფას“ დაეხმარება.
რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ 2022, ან 2023 წელს, ქვეყანა ჩრდილოეთის ზღვის მარშრუტით, მთელი წლის განმავლობაში გადაზიდვების დაწყებას გეგმავს.
უკრაინის მიმდინარე კრიზისის ფონზე, დასავლეთი რუსეთის სამხედრო ნაბიჯებს ყურადღებით აკვირდება.
მოსკოვმა გასულ კვირას განაცხადა, რომ რუსეთის მიმდებარე ზღვებში წვრთნების სერიას იწყებს, რომლებშიც ყველა მისი ფლოტი იქნება ჩართული. წვრთნები ასევე მოიცავს მანევრებს ხმელთაშუა ზღვაში, ჩრდილოეთის ზღვაში, ოხოტის ზღვაში, ჩრდილო-აღმოსავლეთ ატლანტის ოკეანესა და წყნარ ოკეანეში.
უკრაინის საზღვრებზე, რუსეთის მიერ ჯარების მობილიზების ფონზე, დასავლეთი ახალი შეჭრის საშიშროებაზე საუბრობს. თუმცა, რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინაში შეჭრას არ გეგმავს. ამასთან, კრემლი დასავლეთისგან „უსაფრთხოების გარანტიებს“ ითხოვს და მის მიერ წამოყენებულ მოთხოვნებს შორის არის, აღმოსავლეთით ნატოს გაფართოების შეჩერება. კრემლი ითხოვს პირობის დადებას, რომ უკრაინა და საქართველო არასდროს გხადებიან ნატოს წევრები. კრემლი ამბობს, რომ ამას საფრთხედ აღიქვამს.
ნატომ არაერთხელ უარყო რუსეთის ეს მოთხოვნა და განმარტავს, რომ რუსეთს, სხვა ქვეყნების ნატოში გაწევრიანებაზე ვეტოს უფლება არ აქვს.