ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფინეთის ნატოში შესვლაზე, რუსეთი "კონტრზომების" მიღებას აანონსებს


კრემლმა სამშაბათს განაცხადა, რომ რუსეთი იძულებული იქნება მიიღოს „კონტრზომები“ ფინეთის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ თქვა, რომ ეს ნაბიჯი უკრაინაში კონფლიქტის კიდევ უფრო ესკალაციის პერსპექტივას აჩენს.

კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ნატოს გაფართოება, რომელსაც რუსეთი დიდი ხანია აკრიტიკებს, არის "ჩვენი უსაფრთხოებისა და რუსეთის ეროვნული ინტერესების ხელყოფა" და რომ მოსკოვი ყურადღებით ადევნებს თვალს ფინეთში ნატოს სამხედრო განლაგებას.

რუსეთი და ფინეთი 1300 კილომეტრიან საზღვარს იზიარებენ. მოსკოვმა უკვე განაცხადა, რომ გააძლიერებს სამხედრო წარმომადგენლობას დასავლეთსა და ჩრდილო-დასავლეთში.

ფინეთი ნატოს უახლესი წევრი 4 აპრილს გახდა.

შოიგუმ რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას შეხვედრისას განუცხადა, რომ ფინეთის გაწევრიანება "ქმნის კონფლიქტის მნიშვნელოვანი გაფართოების რისკს" უკრაინაში.

შოიგუმ თქვა, რომ რუსეთი საპასუხოდ დგამს პრაქტიკულ ნაბიჯებს მისი ახლო მოკავშირის ბელარუსის ბირთვული დარტყმის პოტენციალის გასაძლიერებლად.

მისი თქმით, ბელორუსის ზოგიერთ სამხედრო თვითმფრინავს უკვე შეუძლია ბირთვული ქობინების ტარება და რომ რუსეთმა ბელორუსში გაგზავნა ისკანდერის სარაკეტო სისტემები - რომლებსაც შეუძლია ჩვეულებრივი ან ბირთვული რაკეტების გადატანა.

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მარტში განაცხადა, რომ რუსეთი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს ბელორუსის ტერიტორიაზე განათავსებს, თუმცა შეერთებული შტატების დაზვერვა აცხადებს, რომ იმის არანაირი ნიშნები არ არსებობს, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გადატანისთვის ემზადება.

XS
SM
MD
LG