ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიევის ოფიციალური პირები მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციას მიმართავენ


მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციაზე შეკრებილი მსოფლიოს ლიდერები უკრაინისთვის დამატებით დახმარებას განიხილავენ. პრეზიდენტ ზელენსკის მთავრობა დასავლელი პარტნიორებისგან დამატებით სამხედრო დახმარებას მიიღებს. უკრაინის აღმოსავლეთში, ბახმუტთან მიმდინარე ბრძოლების ფონზე, უკრაინელი სამხედროებისთვის ეს მნიშვნელოვანი დახმარება იქნება.

ზუსტად ერთი წლის წინ გამართულ მიუნხენის კონფერენციაზე დასავლეთის ქვეყნებმა არაერთხელ გააფრთხილეს რუსეთი, არ შეჭრილიყო უკრაინაში. ამის მიუხედავად, კრემლმა 2022 წლის 24 თებერვალს მეზობელ ქვეყანასთან არაპროვოცირებული და მსხვილმასშტაბიანი, სისასტიკით გამორჩეული ომი დაიწყო. წლევანდელ მიუნხენის კონფერენციაზე, პოლიტიკოსები და სხვადასხვა რანგის მაღალჩინოსნები მთელი მსოფლიოდან მსჯელობენ იმაზე, თუ როგორ დაეხმარონ უკრაინას, რათა მან რუსეთის თავდასხმა მოიგერიოს.

უკრაინის პრეზიდენტმა მიუნხენში შეკრებილებს სთხოვა, დააჩქარონ უკრაინისთვის იარაღის გადაცემა, რათა უკრაინამ რუსეთის დამარცხება და ქვეყნის დამპყრობლისგან გათავისუფლება შეძლოს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლელ ლიდერებს შეახსენა, რომ იარაღის უკრაინისთვის დაგვიანებით მიწოდება მათ უსაფრთხოებასაც უქმნის რისკებს.

მოკავშირეებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების აუცილებლობაზე ესაუბრა გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლციც. შოლცის თქმით, ყველამ, ვისაც უკრაინისთვის ტანკების მიწოდება შეუძლია, ასე უნდა მოიქცეს.

რუსეთთან ტონი გაამკაცრა საფრანგეთმაც. პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის თქმით, უმნიშნელოვანესია მოკავშირეების ერთობა უკრაინის დასახმარებლად და რუსეთის უკან დასახევად. მაკრონის თქმით, ახლა მოსკოვთან დიალოგის დრო არაა.

მიუნხენის კონფერენციამდე, სიტყვით გამოსვლისას, ზელენსკიმ კიდევ ერთხელ შეახსენა დემოკრატიულ სახელმწიფოს, რომ თუ პუტინი წარმატებული იქნება უკრაინაში, მაშინ ის არ გაჩერდება და ჯერი სხვა დემოკრატიულ ქვეყნებზეც მიდგება.

XS
SM
MD
LG