ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„რუსული ბირთვული იარაღი მანამ არის ეფექტური, სანამ მას არ იყენებენ"


კრემლი დასავლეთს მესამე მსოფლიო ომითა და ბირთვული იარაღის გამოყენებით ემუქრება. ბოლო 7 თვის განმავლობაში, მხოლოდ ვლადიმირ პუტინმა ოთხჯერ ახსენა, რომ „ყველა საშუალებას გამოიყენებს“, რათა რუსეთმა თავი დაიცვას. "ეს ფანდი არ არის",- ამბობდა პუტინი ჯერ კიდევ სექტემბერში.

თუმცა, ვისგან იცავს რუსეთი თავს? - ფაქტია, რომ ომი უკრაინაში კრემლმა დაიწყო და როგორც ვაშინგტონში ამბობენ, სწორედ კრემლს შეუძლია მისი დასრულება.

„თუ რუსეთი შეწყვეტს ბრძოლას, ომი დასრულდება, თუ უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას უკრაინა დასრულდება,“- ამბობს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პრესსპიკერი ნედ პრაისი.

ვაშინგტონის ანალიტიკურ წრეებში მიაჩნიათ, რომ რუსეთი ბირთვულ საფრთხეზე მაშინ იწყებს საუბარს, როდესაც უკრაინაში ფრონტის ხაზზე მარცხდება. ეს კი ბოლო ერთი-თვის განმავლობაში თვალშისაცემია.

„[პუტინი] თანდათან კუთხეში ემწყვდევა და არჩევანი ეზღუდება იმდენად, რომ შესაძლოა. მცირე ზომის ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენოს. საუბარია გაცილებით მცირე ზომის იარაღზე..“- ამბობს ანალიტიკოსი მიტჩელ უოლერსტინი.

„არ გვაქვს არანაირი მინიშნება, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოცდისთვის ემზადება,“ - ამბობს კარინ ჟან-პიერი, თეთრი სახლის პრესსპიკერი და განმარტავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ბირთვული იარაღის საკითხებს ყურადღებით აკვირდება და ამ დროისთვის ვაშინგტონს სტრატეგიული ბირთვული პოზიციები არ შეუცვლია.

ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამბობს, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი ყველაზე მაღალია კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ. "არმაგედონის რეალობის წინაშე კენედის და კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ არ ვყოფილვართ" - ამბობს ჯო ბაიდენი. ვრცლად იხილეთ აქ.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ პუტინის განცხადებები ადამიანების დაშინებას და პოლიტიკის ცვლილებას ისახავს მიზნად.

„რუსეთის ატომური იარაღი ყველაზე ეფექტური მაშინ არის, როდესაც მას არ იყენებენ. მე ვგულისხმობ იმას, რომ ეს იარაღი მანამ არის აქტიური, სანამ მისი გამოყენება მოხდება, რადგან თუ ისინი ამას გამოიყენებენ, როგორც კი ეს მოხდება, მაშინვე დასრულდებიან,“- ამბობს თადარიგის გენერალი ბენ ჰოჯესი.

ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა დევიდ პეტრეუსმა ამერიკულ „ეი ბი სი ნიუსთან“ საუბრის დროს თქვა, რომ დასავლეთი ავტომატურად გაანადგურებს რუსული ჯარის სხვადასხვა შენაერთს.

თუ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს „ ... ჩვენ ვუპასუხებთ ნატოს კოლექტიური ძალისხმევით. თავდასხმის ფარგლებში, ჩვენ გავანადგურებთ კონვენციურ რუსულ ძალებს, რომლებსაც ვნახავთ უკრაინის ბრძოლის ველზე, ასევე ყირიმში და ყველა გემს, რომელიც შავ ზღვაშია,“- თქვა დევიდ პეტრეუსმა.

რუსული ჯარის "გასაჭირი" დასავლური სანქციების ფონზე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:08 0:00

ანალიტიკოსთა ნაწილს მიაჩნია, რომ რუსეთმა შესაძლოა ძალის დემონსტრირებისთვის ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენოს.

„მიზანი უკრაინის მთავრობისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენება, ან უბრალოდმის თქმა იქნებოდა: ნახეთ, რა შემიძლია,- ამბობს „ამერიკის ხმასთან“ საუბრის დროს მიტჩელ უოლერსტინი, ჩიკაგოს საგარეო ურთიერთობათა საბჭოდან.

თუმცა პოზიციები გაყოფილია. სამხედრო ანალიტიკოსების ნაწილი თვლის, რომ საფრთხე რეალურია, ნაწილს მიაჩნია რომ ეს მხოლოდ მუქარისთვის, დაშინებისთვის გამოიყენება.

„არ მგონია, რომ ამის დიდი შანსი იყოს, მაგრამ ახლა ეს გაცილებით რეალურია, ვიდრე ნებისმიერ სხვა დროს, მეორე მსოფლიო ომის პერიოდიდან მოყოლებული,- ამბობს ჯეიმს ექტონი, „კარნეგის მშვიდობის ფონდიდან“.

უკრაინა დასავლეთის დახმარებით ფრონტის ხაზზე წინ მიიწევს, როგორც სამხრეთით, ასევე აღმოსავლეთით. კრემლი თვეებია იმუქრება, რომ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. ანალიტიკოსები თვლიან, რომ რუსეთის მიზანი ვაშინგტონის შეშინება და სამხედრო დახმარების მიწოდების შემცირებაა. დახმარების, რომლითაც უკრაინას თანამედროვე შეიარაღება მიეწოდება.

„უკრაინა ბრწყინვალედ მიიწევს წინ. დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრ გამარჯვებას ვიხილავთ ბრძოლის ველზე, ეს შეუქცევადი დინამიკაა. მე ვერ წარმოვიდგენ, თუ რა შეუძლია რუსეთს, რომ ეს პროცესი შეაჩეროს,“_ ამბობს დევიდ პეტრეუსი „ამერიკის ხმასთან“ საუბრის დროს.

კრემლის მიზანი ამ შემთხვევაში მიუღწეველია, რადგან ვაშინგტონი მკაფიოდ ამბობს, რომ უკრაინის დახმარებას არ შეწყვეტს. „ჩვენ უკრაინას დავეხმარებით მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება,“- ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი "ამერიკის ხმასთან" საუბრის დროს. მეტიც, ბოლო კვირებში კიევისთვის სამხედრო დახმარების მოცულობა რამდენჯერმე გაიზარდა. საერთო ჯამში, უკრაინას ბოლო 7 თვეში უკვე გაეგზავნა 16 მილიარდ ამერიკულ დოლარზე მეტი შეიარაღება.

თადარიგის გენერალი ბენ ჰოჯესი, და ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი პეტრეუსი ამბობენ, რომ დახმარება უნდა გაგრძელდეს. პარალელურად კი ამერიკამ და პარტნიორმა სახელმწიფოებმა მკაფიოდ უნდა განმარტონ, რომ თუ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, საპასუხო რეაქცია ძალიან მწვავე იქნება.

საუკეთესო გზა, რომ ჩვენ ეს [ბირთვული იარაღის გამოყენება] თავიდან ავიცილოთ, არის ის რომ ჩვენ გავაგრძელოთ იმის კეთება, რასაც ვაკეთებთ. ჩვენ მკაფიოდ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ამას არ მოვითმენთ და ფასი, რომელსაც [რუსეთი] გადაიხდის ძალიან მაღალი და დამღუპველი იქნება,“- ამბობს ჰოჯესი.

ახალი ერა გერმანიის საგარეო და თავდაცვის პოლიტიკაში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:46 0:00

ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების საკითხს ყურადღებით აკვირდება, ვაშინგტომა კრემლს მკაფიოდ განუმარტა, რომ საპასუხო რეაქცია კატასტროფული იქნება“. თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ჯეიკ სალივანი უკვე ესაუბრა რუს კოლეგას და მას ეს პირდაპირ უთხრა:

„ბირთვული იარაღის ნებისმიერ გამოყენებას, რუსეთისთვის კატასტროფული შედეგები მოჰყვება, რომ შეერთებული შტატები და ჩვენი მოკავშირეები ამას გადამწყვეტად უპასუხებს. ჩვენ ვიყავით ძალიან მკაფიო და კონკრეტული იმასთან დაკავშირებით, თუ რა შედეგები მოჰყვება ამას. ჩვენ ასევე თანაბრად მკაფიოდ ვისაუბრეთ საჯაროდ, რომ შერთებული შტატები გადამწყვეტად უპასუხებს, თუ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს და ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას მის ძალისხმევაში დაიცვას ქვეყანა და დემოკრატია,“_ თქვა ჯეიკ სალივანმა „სი ბი ეს ნიუსთან“ საუბრის დროს.

მაშინ, როცა რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებაზე საუბრობს, აცხადებს უკრაინული ქალაქების ანექსიას, ისე რომ არ იცის სად გადის ე.წ. საზღვარი, უკრაინელი სამხედროები საკუთარი ტერიტორიების დაბრუნებას აგრძელებენ. ათობით ქალაქიდან და დასახლებული პუნქტიდან რუსი სამხედროების განდევნა უკვე მოხდა. კიევი ამბობს, რომ პროცესი გრძელდება.

დასავლეთში ამბობენ, რომ გაგრძელდება და გამკაცრდება ფინანსური და ეკონომიკური ზეწოლა რუსეთზე, და სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება უკრაინისთვის.

XS
SM
MD
LG