ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეტევა რუსულ არასამთავრობო სექტორზე


კრემლის განცხადებით, ხელისუფლება კანონს აღასრულებს

რუსეთში მოქმედი ასობით არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე მათ წინააღმდეგ მთავრობამ რეიდები განახორციელა. პრეზიდენტი პუტინი კი ამბობს, რომ მათ უბრალოდ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა შეამოწმეს, თუ რამდენად კანონიერად ახორციელებენ ისინი საქმიანობას. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ჯესიკა გოლოჰერი არკვევდა.

რუსი აქტივისტები აცხადებენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებზე ხელისუფლების მხრიდან ძლიერი ზეწოლა ხორციელდება. რუსეთის პრეზიდენტმა არასამთავრობოების წინააღმდეგ ჩატარებული რეიდები გაამართლა.

ვლადიმირ პუტინის თქმით, გენერალურმა პროკურორმა უნდა შეამოწმოს როგორც სამტავრობო სტრუქტურების, ასევე სოციალური ორგანიზაციების საქმიანობის სამართლებრივი მხარეები. პუტინის თქმით, ინსპექტირების მიზანი იყო, რათა დაედგინათ თუ რომელი არასამთავრობო ორგანიზაცია ფინანსდება საზღვარგარეთიდან.

გასული წლის მაისში პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ვლადიმირ პუტინმა უცხოეთის ქვეყნებს, მათ შორის შეერთებულ შტატებს რუსეთში 2011 წლის საპროტესტო გამოსვლების ორგანიზებაში დასდო ბრალი. ვაშინგტონმა აღნიშნული განცხადება უარყო. მიღებული კანონმდებლობის მიხედვით, ის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც პოლიტიკურ საქმიანობაშია ჩართული და ამავდროულად საზღვარგარეთიდან ფინანსდება, „უცხოეთის აგენტად“ უნდა დარეგისტრირდეს.
ბოლო პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ განხორციელებული შემოწმებები დასავლეთმა კრიტიკულად შეაფასა. საფრანგეთმა და გერმანიამ რუსეთის ელჩები დაიბარეს და განმარტებები მოთხოვეს. შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა და ევროკავშირმა კი მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატეს. ოლეგ ორლოვი უფლებადამცველი ორგანიზაციის „მემორიალის“ თავმჯდომარეა.
„მე მეცოდებიან სახელმწიფო სტრუქტურები. ისინი ჩაფლულები არიან ათასობით ქაღალდში, რომლებიც ამ ორგანიზაციებს შეეხება. არ მესმის როგორ გაართმევენ ამ საქმეს თავს. ეჭვი მაქვს, არც მოინდომებენ გარკვევას, არამედ უკვე მიღებულ გადაწყვეტილებებს გაახმოვანებენ,“ - აცხადებს ორლოვი.

უცხოეთის აგენტობის დადასტურების შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება. პაველ ჩიკოვი ადამიანის უფლებების სფეროში საპრეზიდენტო საბჭოს წევრია.

„ეს ან სრული არაპროფესიონალიზმია, ან ამის მიზანი ორგანიზაციების დაშინება და პარალიზება,“ - განაცხადა ჩიკოვმა.

ყველაზე დიდი ზეწოლის საფრთხე „ჰუმან რაითს ვოჩის“ და „საერთაშორისო ამნისტიის“ წარმომადგენლობებს ემუქრებათ. სამართალდამცავთა სამიზნეს ასევე ისეთი ორგანიზაციები წარმოადგენენ, რომლებიც მოსახლოებას ფრანგული ენის შემსწავლელ კურსებს სთავაზობენ. ჩიკოვი ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გაკონტროლებაში სახანძრო, შრომისა და ჯანდაცვის დეპარტამენტებიც არიან ჩართული. როგორც კრემლი ამბობს, ხელისუფლება უბრალოდ კანონს აღასრულებს.
XS
SM
MD
LG