რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სასამხურმა (ეფ-ეს-ბე), ადვოკატ ილია ნოვიკოვის წინააღმდეგ ღალატის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.
სადაზვერვო სამსახურის ცნობით, ნოვიკოვის ქმედებებში, ღალატი გამოიხატა „მტრის მხარეზე გადასვლაში“. როგორც უწყებამ განაცხადა, ის „შეუერთდა უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალების რიგებს და დღემდე მონაწილეობს მათ საქმიანობაში“.
ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა, ვინაიდან ნოვიკოვი რუსეთში არ ცხოვრობს.
ილია ნოვიკოვი სატელევიზიო ვიქტორინის "რა? სად? როდის?" ყოფილი მოთამაშეა. ბოლო წლებში, სხვა საკითხებთან ერთად, იყო რუსეთში დაკავებული უკრაინის მოქალაქეების, კერძოდ ოლეგ სენცოვის და ყირიმელი თათარი აქტივისტების ადვოკატი. მან ასევე გააკეთა კრემლის საწინააღმდეგო მკვეთრი განცხადებები. ის კიევში საცხოვრებლად, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდეგადავიდა.
2022 წლის ივნისში, მოსკოვის ადვოკატთა პალატამ ნოვიკოვს სტატუსი ჩამოართვა. ნოემბრის ბოლოს კი, იუსტიციის სამინისტრომ ნოვიკოვი "უცხოელი აგენტების" რეესტრში შეიყვანა და ამავე დროს, ცნობილი გახდა, რომ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ის ძებნილთა სიაში განათავსა, თუმცა მაშინ უცნობი იყო რა მუხლით.
Facebook Forum