ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუს უფლებადამცველ აქტივისტებს ნარკოვაჭრობის ბრალდებით 11 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს


რუსულმა სასამართლომ, აკრძალულ უფლებადამცველ ჯგუფ “ღია რუსეთის” ორ აქტივისტს, ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებით ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯა. აქტივისტები აცხადებენ, რომ ბრალდება პოლიტიკურადაა მოტივირებული.

12 აგვისტოს, ფსკოვის საოლქო სასამართლომ ლია მილუშკინას 10.5 წლით, მის მეუღლეს, არტიომ მილუშკინს კი 11 წლით პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ ისინი ნარკოტიკებით ვაჭრობაში დამნაშავედ ცნო.

მილუშკინა უფლებადამცველი ჯგუფის, ”ღია რუსეთის” ადგილობრივი ფილიალის ყოფილი კოორდინატორია. ჯგუფი კრემლის მიერ გაძევებულ კრიტიკოსს, მიხაილ ხოდორკოვსკითანაა დაკავშირებული. მილუშკინას სასჯელის აღსრულება 2024 წლამდეა გადავადებული, რადგან წყვილს ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.

ბოლო წლებში, ხოდორკოვსკისთან დაკავშირებული რამდენიმე ორგანიზაცია ე.წ. “უცხო ქვეყნის აგენტის” კანონის ფარგლებში აკრძალეს. მათ შორის იყო პრო-დემოკრატიული “ღია რუსეთის მოძრაობაც”.

წყვილი 2019 წელს დააპატიმრეს და ანონიმი მოწმეებისა და პოლიციის აგენტის ჩვენებების საფუძველზე, დიდი ოდენობით ნარკოტიკების გაყიდვის ბრალი წარუდგინეს. სასამართლოზე ასევე გამჟღავნდა, რომ პოლიციის აგენტი ნარკო-დამოკიდებული იყო. ახლა თავად პოლიციელი ნაროტიკების შენახვისთვის იხდის სასჯელს. მილუშკინს კი ბრალი ხანძრის გაჩენისთვისაც წარუდგინეს.

ბრალდებულებმა სასამართლოზე განაცხადეს, რომ ისინი პოლიციის თვითნებობის წინააღმდეგ დაგეგმილი საპროტესტო გამოსვლის წინ დააკავეს და ნარკოტიკები მათ პოლიციელებმა ჩაუდეს. აქტივისტებმა თქვეს, რომ წაყენებული ბრალდებები პოლიტიკურადაა მოტივირებული, რადგან ისინი ფსკოვში საპროტესტო გამოსვლებს ხშირად უწევდნენ ორგანიზებას.

XS
SM
MD
LG