რუსეთის სახელმწიფო დუმის ქვედა პალატამ, ხმების დიდი უმრავლესობით მიიღო კანონპროექტი, რომელიც მთავრობას უფლებას მისცემს უცხოეთის აგენტის კატეგორია მიანიჭოს ჟურნალისტებს, ბლოგერებს და სოციალური მედიის მომხმარებლებს.
კანონპროექტი, რომელსაც კანონის სტატუსის მისაღებად ზედა პალატის, ფედერაციის საბჭოს მიერ დამტკიცება და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ხელმოწერა სჭირდება, აფართოებს „უცხოეთის აგენტის“ ზომებს, რომლის სამიზნეც ზოგიერთი უცხოური მედია საშუალება და რუსული არასამთავრობო ორგანიზაციებია.
ადამიანის უფლებების დაცვის ჯგუფებმა კანონი გააკრიტიკეს, როგორც უაღრესად შემზღუდველი, თუმცა კრემლის ლოიალისტებმა ის შეაქეს, როგორც რუსეთის სუვერენიტეტის დაცვის მნიშვნელოვანი ნაწილი.
ახალი, გაფართოებული ვერსიით, შეზღუდვები ახლა შეიძლება შეეხოს იმ მედია ორგანიზაციებში მომუშავე ჟურნალისტებს და პირებს, რომლებსაც რუსეთის იუსტიციის სამინისტრო უცხოეთის აგენტებად მიიჩნევს.
ახალი წესებით, ისინი, ვინც საეჭვოდ გამოცხადებულ მედია საშუალებაში მუშაობენ, შესაძლოა ვალდებული გახდნენ, ნებისმიერ გამოქვეყნებულ მასალას დაურთონ ასეთი სახის სათაური: „დამზადებულია უცხოეთის აგენტის მიერ“. ასევე პირადად გაიარონ საკუთარი მუშაობის და ფინანსების რეგულარული აუდიტი.
რუსეთის იუსტიციის სამინისტროს მიერ, 2017 წელს შედგენილ უცხოეთის აგენტების შავ სიაში, ამჟამად მხოლოდ შეერთებული შტატების მთავრობის მიერ დაფინანსებული მედია საშუალებებია ჩამოთვლილი.
Facebook Forum