რუსეთის ხელისუფლება აგრძელებს ამერიკის მიერ დაწესებული ახალი სანქციების დაგმობას. კრემლი ამ სანქციებს უსაფუძვლოს, უკანონოსა და არამეგობრულს უწოდებს.
"რა თქმა უნდა ამერიკული მხარის მიერ ამგვარი გადაწყვეტილების მიღება აბსულუტურად არამეგობრულია. და ეს სულაც არ ჰგავს პრეზიდენტებს შორის ბოლო შეხვედრისას არსებული რთული, მაგრამ კონსტრუქციული ატმოსფეროს გაგრძელებას", - განაცხადა დმიტრი პესკოვმა, კრემლის პრესსპიკერმა.
სანქციების შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთხშაბათს განაცხადა. ისინი მარტში, ბრიტანეთში რუსეთის ყოფილი ჯაშუშისა და მისი ქალიშვილის - სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის საქმეს უკავშირდება. ბრიტანული მხარე აცხადებს, რომ თავდასხმა რუსეთს უკავშირდებოდა და მომწამლავი ნივთიერება საბჭოთა კავშირის დროიდან ცნობილი ნერვული აგენტი - "ნოვიჩოკი" იყო.
სკრიპალების საქმის შემდეგ, ამერიკამ, ბრიტანეთმა და სხვა ქვეყნებმა რუსი დიპლომატების დიდი რაოდენობა გააძევეს. მარტში მომხდარი საქმიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ივნისში, ბრიტანეთის საავადმყოფოში მოხვდა კიდევ ერთი წყვილი, რომელიც პოლიციის ცნობით, იმავე ნივთიერებით იყვნენ მოწამლულნი და სავარაუდოდ იმ კონტეინერს შეეხნენ, რომლელშიც სკრიპალების საქმისთვის განსაზღვული, ნერვული აგენტი ინახებოდა. მათგან ერთ-ერთი გარდაიცვალა.
ამავე დროს ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამერიკის სენატი სანქციების ახალ კანონპროექტს ამზადებს, რომელიც რუსეთის მავნებლურ ქმედებებს უკავშირდება. მათ შორის სახელდება ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია და სირიაში ასადის რეჟიმის მხარდაჭერა.
Facebook Forum