რესპუბლიკელმა და დემოკრატმა სენატორებმა თქვეს, რომ მომავალ კვირაში მოსკოვში სტუმრობისთვის საჭირო ვიზებზე მათ რუსეთის საელჩომ უარი უთხრა. ამ ფონზე, ვაშინგტონსა და ამერიკის მოკავშირეებს შორის დაპირისპირება იმასთან დაკავშირებით უნდა დააბრუნონ თუ არა რუსეთი დიდ 8-ანში, დღემდე გრძელდება.
დემოკრატმა სენატორმა ქრის მერფიმ სამშაბათს თქვა, რომ რუსეთმა მას ვიზა არ მისცა. რესპუბლიკელმა სენატორმა რონ ჯონსონმა ორშაბათს განაცხადა, რომ რუსეთის საელჩომ ვიზაზე უარი უთხრა. ამ გადაწყვეტილებას მან „წვრილმანი შეურაცხყოფა“ უწოდა.
მერფი და ჯონსონი სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრები არიან და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს უჭერდნენ მხარს. სხვა რესპუბლიკელ სენატორ მაიკ ლის ვიზა მისცეს და ის რუსეთში გამგზავრებას გეგმავს.
საინფორმაციო სააგენტო "როიტერსი" იუწყება, რომ ვაშინგტონში რუსეთის საელჩომ მათთან კომენტარი არ გააკეთა. თუმცა მოგვიანებით „ტვიტერზე“ განაცხადა, რომ ჯონსონს საელჩოსთვის ვიზაზე არ მიუმართავს. იმავე განცხადებაში ჯონსონს "რუსოფობი“ უწოდეს.
ამერიკელი კანონმდებლებისთვის რუსეთის ვიზაზე უარი ჩვეულებრივი მოვლენა არ არის, თუმცა ბოლო წლებში, რუსეთმა ეს რამდენჯერმე გააკეთა, განსაკუთრებით მათ მიმართ, ვინც უკრაინაში აგრესიის და ამერიკულ არჩევნებში ჩარევის გამო, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვდა.
Facebook Forum