საფრანგეთში, დიდი შვიდეულის შეხვედრაზე, რუსეთის საკითხი ოფიციალურ დღის წესრიგში არ იყო, თუმცა ის ჰაერში გარკვევით იგრძნობოდა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რუსეთის ამ ექსკლუზიურ კლუბში დაბრუნების საჭიროებაზე არაერთხელ ისაუბრა, მათ შორის შეხვედრის დასკვნითი პრეს-კონფერენციის დროსაც.
პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა: „ვფიქრობ, უკეთესი იქნება, რუსეთი თუ კარავში იქნება და არა კარვის გარეთ. ასეც და ისეც, ორივე შემთხვევაში ცხოვრება გრძელდება.“
ტრამპის ინიციატივა რუსეთში დიდი მსჯელობის საგანი გახდა, თუმცა ანალიტიკოსების უმრავლესობა მაინც სკეპტიკურადაა განწყობილი.
პოლიტიკური კონსულტანტი ვოტალი შკლიაროვი ამბობს: „პრეზიდენტი ტრამპი ბევრს "ტროლავს". ის "ტროლავს" მედიას და ხშირად მისი სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით მიღება არ შეგვიძლია. გვახსოვს, რომ 2018 წელს მან უკვე მიანიშნა, რომ რუსეთი დიდ შვიდეულს უნდა დაბრუნებოდა. ეს მხოლოდ მედიაში ხმაურის შექმნაა და მერე ვინ იცის, იქნებ ოდესმე „მგელი მოდის“ შეძახილებმა იმოქმედოს, ადამიანები ამ აზრს შეეჩვევიან და საბოლოოდ რუსეთს ისევ მიიწვევენ.“
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ამ შესაძლებლობის მიმართ სიფრთხილეს იჩენს. მან თქვა: „დიდი რვიანი არ არსებობს. როგორ შემიძლია დავბრუნდე ორგანიზაციაში, რომელიც არ არსებობს? ამჟამად ეს დიდი შვიდეულია და არა დიდი რვიანი. როდესაც რვა ქვეყანას შორის შესაძლო მოლაპარაკებების ფორმატზე მიდგება საქმე, ჩვენ არაფრის წინააღმდეგი არ ვართ. ერთხელ დიდი რვიანის შეხვედრას ჩვენც ვმასპინძლობდით, მაგრამ ჩვენი პარტნიორები არ მოვიდნენ. ახლა, ნებისმიერ დროს, ჩვენს პარტნიორებს სიხარულით დიდი შვიდეულის ფორმატითაც კი ვუმასპინძლებთ.“
ზოგს მიაჩნია, რომ პუტინი გონებამახვილურ სტრატეგიულ თამაშს მიმართავს. ისტორიკოსი და პოლიტიკური კომენტატორი ნიკოლაი რუდენსკი ამბობს: „ვნახეთ, როგორ თამაშობდა, როდესაც ამჯერად დიდ შვიდეულზე საუბრობდა. არ ვიცი... ვნახოთ. ახლა, როდესაც საქმე პროპაგანდას ეხება, რუსეთის ხელმძღვანელობა ამ შესაძლებლობას სრულად გამოიყენებს. კრემლი რუსეთს, ჩვეულებისამებრ, ასე წარმოადგენს: ჩვენ უმიზეზოდ გაგვრიცხეს, მაგრამ ამაყი და ძლიერი ვიყავით. ახლა მტრები საკუთარ შეცდომებს მიხვდნენ და მის გამოსწორებას ცდილობენ.“
ანალიტიკოსები ასევე მიანიშნებენ, რომ დიდ შვიდეულთან მიერთება რუსეთს შესაძლოა იდეოლოგიურის გარდა, პრაგმატული მოსაზრებითაც არ აინტერესებდეს.
ვიტალი შკლიაროვი ამბობს: „ახლანდელ პოლიტიკურ ვითარებაში, შესაძლოა, კრემლი დიდი რვიანის თაობაზე მოლაპარაკებების განახლებაში დიდ სარგებელს ვერ ხედავდეს. მათი აზრით, მოლაპარაკებების ჩატარება სხვა პლატფორმებზეა შესაძლებელი. პრაგმატიზმი შესაძლოა იმაშიც ვლინდებოდეს, რომ დიდი შვიდეულის და დიდი რვიანის პლატფორმა შესაძლოა მოძველებულად მიაჩნიათ.“
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელმა კონსტანტინ კოსაჩოვმა თქვა, რომ თუ რუსეთს ხელმეორედ მიიწვევენ აღნიშნულ ფორუმზე, დიდი შვიდეული იქნება „შვიდი ერთის წინააღმდეგ“ და არა - „შვიდი პლიუს ერთი“. ამის თავიდან ასაცილებლად, კოსაჩოვმა მსოფლიოს ლიდერებს წამყვანი ქვეყნების სამიტის ტრანსფორმირებისკენ მოუწოდა. კერძოდ, საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელმა წამოაყენა წინადადება, დიდ შვიდეულში ჩინეთი და ინდოეთიც მიიწვიონ.
Facebook Forum