ვაშინგტონს და მოსკოვს შორის ურთიერთობების გაუარესების ფონზე, რუსეთის ახალი ამბების სააგენტოები ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კუბაში და ვიეტნამში რუსული სამხედრო ბაზების ხელახალი გახსნის შესაძლებლობა განიხილება.
რუსეთის დუმაში გამართულ შეხვედრაზე, კანონმდებლების მიერ დასმულ კითხვაზე, თუ რამდენად შეესაბამება სიმართლეს კუბაში და ვიეტნამში რუსეთის სამხედრო ძალების დაბრუნების ცნობა, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნიკოლაი პანკოვმა განაცხადა: “ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობას ვაგრძელებთ”.
საბჭოთა ისტაბლიშმენტმა კუბაში სამხედრო ბაზა მე-20 საუკუნის სამოციანი წლებიდან გახსნა, ვიეტნამში კი 70-იანებიდან. 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ბაზები იქ ფუნქციონირებას კიდევ რამდენიმე წლის მანძილზე აგრძელებდა, ვიდრე ისინი საბოლოოდ არ დაიხურა 2001-2002 წლებში. დღეს რუსეთის საჰაერო და საზღვაო ბაზები სირიაში მოქმედებს.
რუსული მედიით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ანალოგიური კითხვით, კუბაში და ვიეტნამში ბაზების აღდგენის თაობაზე კრემლის პრეს-სპიკერს დიმიტრი პესკოვსაც მიმართეს. მან პირდაპირი პასუხისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ მსგავსი კითხვით თავდაცვის სამინისტროს უნდა მიმართონ.
ამავე დროს, რუსული საინფორმაციო სააგენტოები პესკოვის შემდეგ ნათქვამს ციტირებენ: “საერთაშორისო სიტუაცია სტატიკური არ არის, საკმაოდ ცვალებადია. როგორც ხედავთ, ბოლო ორი წლის მანძილზე, მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა ზოგადად საერთაშორისო ურთიერთობებში და საერთაშორისო უსაფრთხოების რეჟიმში. ბუნებრივია, რომ ყველა ქვეყანა ამ ცვლილებებს საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე აფასებს და შესაბამის ზომებს იღებს იმ მიმართულებით, რომელიც თვითონ აწყობს.
რუსეთის მედია კუბაში და ვიეტნამში ბაზების ხელახლა გახსნის შესახებ ორი წლის წინაც წერდა. 2014 წლის ივლისში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ცნობები უარყო.
ამჯერად სიტუაცია გართულებულია იმით, რომ რუსეთს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა გაცილებით დაძაბულია. უკრაინაში რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, ამერიკამ და მთლიანად დასავლეთმა მოსკოვს მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაუწესა.
ორშაბათს ვაშინგტონმა მოსკოვთან სირიის თაობაზე მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკება გაწყვიტა და განაცხადა, რომ მიზეზი რუსეთის მხრიდან სირიაში მშვიდობიანი მოსახლეობის გაუთავებელი დაბომბვა იყო. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა იმავე დღეს გააუქმა ამერიკასთან დადებული ხელშეკრულება, რომელიც ბირთვული იარაღისთვის განკუთვნილი პლუტონიუმის გადამუშავებასთან დაკავშირებით დაიდო. რუსეთმა საკუთარი ნაბიჯი შეერთებული შტატების მხრიდან “არამეგობრული ქმედებებით” ახსნა. მოსკოვი ამაზე არ გაჩერებულა: ოთხშაბათს რუსეთმა განცხადება გააკეთა ამერიკასთან ბირთვული და ენერგო-რესურსების კვლევების მიმართულებით მიმდინარე თანამშრომლობის შეწყვეტის თაობაზე.