ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა სირიის “ბარბაროსულ” დაბომბვებს მკაცრად გმობს


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კატეგორიულად დაგმო სირიის მშვიდობიანი მოქალაქეების საჰაერო დაბომბვა. ბარაკ ობამას თქმით, ეს იყო ალეპოზე “რუსეთის და სირიის რეჟიმის მიერ განხორციელებული ბარბაროსული საჰაერო თავდასხმა”.

თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტმა ობამამ გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს დაურეკა. ორივე ლიდერი თანხმდება, რომ რუსეთს და ასადის რეჟიმს “საგანგებო პასუხისმგებლობა” ეკისრება იმაში, რომ სირიაში საბრძოლო ქმედებები არ წყდება და სირიელებისთვის ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდება ფერხდება.

მანამდე ჯონ კერიმ თქვა, რომ მოსკოვი ამბოხებულების დაბომბვას აგრძელებს და ამის გამო ამერიკა რუსეთთან დიპლომატიური მოლაპარაკების შეწყვეტის გადაწყვეტილების ზღვარზეა. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი “ირაციონალურს” უწოდებს რუსეთთან მოლაპარაკების გაგრძელებას და ამ პროცესის “სერიოზულად” აღქმას მას შემდეგ, რაც მოსკოვი საჰაერო იერიშების გაგრძელებით დაიმუქრა.

დამკვირვებლების მიერ პარასკევს გაკეთებული განცხადებით, რუსეთის თავდასხმების გამო, სირიაში 9 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობაც არის. კიდევ უფრო მეტია დაშავებულთა რაოდენობა. ალეპოში ალყაში მოქცეული მოსახლეობის ნახევარი ბავშვია.

XS
SM
MD
LG