კრემლი გმობს და „აბსურდულს“ უწოდებს ამერიკელი კანონმდებლების რეზოლუციის ინიციატივას, რომლის მიხედვით, შეერთებულმა შტატებმა უნდა შეწყვიტოს რუსეთის პრეზიდენტად ვლადიმირ პუტინის აღიარება, თუ ის ხელისუფლებაში 2024 წლის შემდეგაც დარჩება. კრემლი ამ ინიციატივას შეერთებული შტატების მიერ რუსეთის საქმეებში ჩარევად აფასებს.
პუტინს პრეზიდენტობის ვადა 2024 წელს ეწურება, თუმცა მის მიერვე გატარებული საკონსტიტუციო რეფორმების მიხედვით, შეუძლია ქვეყანა კიდევ ორი ვადით მართოს. საკონსტიტუციო ცვლილებებამდე, პუტინს 2024 წლის შემდეგ, პრეზიდენტის თანამდებობაზე ხელახალი კენჭისყრა ეკრძალებოდა.
ორი ამერიკელი კონგრესმენის მიერ წარმოდგენილ რეზოლუციაში ნათქვამია, რომ რუსეთში მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები უკანონო იყო და ვლადიმირ პუტინის ნებისმიერი მცდელობა, 2024 წლის შემდეგაც ხელისუფლებაში დარჩეს, გამოიწვევს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან აუღიარებლობას", - ნათქვამია კონგრესმენ სტივ კოენის ვებგვერდზე განთავსებული განცხადებაში, კოენი რეზოლუციის ერთ-ერთი ინიციატორია.
„ყოველ ჯერზე ჩვენ ვფირობთ, არაფერი შეიძლება იყოს იმაზე უფრო აბსურდული, აგრესიული, არამეგობრული და არაკონსტრუქციული, რაც ოკეანის იმ მხრიდან შეიძლება წამოვიდეს და სამწუხაროთ, ჩვენ თითოეულ ჯერზე ვცდებით“, -აცხადებს კრემლის პრეს-სპიკერი, დმიტრი პესკოვი.
„ეს არის შესანიშნავი დემონსტრირება არამხოლოდ რუსეთისთვის, არამედ მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის იმისა, რომ აშშ სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ოფიციალურად ერევა“, - აცხადებს პესკოვი და ამბობს, რომ მხოლოდ რუს ხალხს შეუძლია საკუთარი პრეზიდენტი აირჩიოს.
პესკოვის მოსაზრებას იზიარებენ რუსეთის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოშიც. კონსტანტინ კოსაჩევი, რუსეთის დუმის ზედა პალატის სპიკერის მოადგილე აცხადებს, რომ რეზოლუცია „პროვოკაციულია და ის მიზნად ისახავს დაწყებული ორმხირი ურთიერთობის ნორმალიზების ჩაშლას.“
„ამჯერად ამერიკელებმა, საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა საკმაოდ ადრე დაიწყეს“, - აცხადებს კოსაჩევი.
პუტინმა ხუთშაბათს, აშშ-რუსეთის ურთიერთობები „არადამკმაყოფილებლად“ შეაფასა. მაგრამ, ასევე განაცხადა, რომ ღიაა დიალოგისთვის. კრემლმა, ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის ერთობლივი, მეორე სამიტის გამართვის შესაძლებლობაზეც ისაუბრა.
პუტინი, საუკუნის დასაწყისიდან რუსეთის ხელისუფლებაშია, როგორც პრეზიდენტის, ან პრემიერის რანგში. 69 წლის პუტინს, ჯერ საჯაროდ არ განუცხადებია, იყრის თუ არა კენჭს 2024 წელს, შემდეგი ვადით პრეზიდენტობისთვის.