ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვი: ალეპო 7 დღეა აღარ იბომბება


რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სპიკერი აცხადებს, რომ ბოლო შვიდი დღის მანძილზე ალეპო არც რუსეთის და არც სირიის მთავრობის თვითმფრინავებს დაუბომბავს. იგორ კონაშენკოვის თქმით, ამბოხებულების მიერ კონტროლირებულ სირიის ქალაქში გახსნილია ექვსი დერეფანი, საიდანაც მსურველებს ალეპოს დატოვება შეუძლიათ.

ქალაქი წლების მანძილზე გაჭიანურებული კონფლიქტის შედეგად განადგურებულია. იქ დარჩენილი ადამიანები, რომელთა რაოდენობა სავარაუდოდ 300 ათასს აჭარბებს, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან და ჰუმანიტარულ და სამედიცინო დახმარებას მოწყვეტილი არიან.

ბრიტანეთში დაფუძნებული სირიის ადამიანის უფლებების ცენტრი აცხადებს, რომ საჰაერო იერიშები ძალიან სწრაფადვე აღდგა. ბრალდებები ისმის რუსეთის და სირიის მთავრობის მხრიდანაც. ისინი აცხადებენ, რომ ოპოზიციის ლიდერები ხალხს დერეფნების გამოყენების და გაქცევის საშუალებას არ აძლევენ. ამბოხებულები კი ამბობენ, რომ ხალხი სირიის მთავრობას არ ენდობა და ქალაქს ამის გამო არ ტოვებს.

XS
SM
MD
LG