აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრი, რესპუბლიკელი სენატორი რონ ჯონსონი ამბობს, რომ რუსი ოპოზიციონერი აქტივისტის ალექსეი ნავალნის მოწამვლა რუსეთის დაკვეთით მოხდა და რომ რუსეთი ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც ხელი მიუწვდება ოპოზიციონერის მოწამვლაზე პასუხისმგებელ ნერვულ აგენტზე, და ეს რუსეთია. "ამერიკის ხმის" რუსული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში ჯონსონი ამბობს, რომ "მას არანაირი ეჭვი არ შეაქვს გერმანელი ექიმების და გამომძიებლების დასკვნაში. მისი თქმით, "ერთი რამ, რაც შეგვიძლია და უნდა გავაკეთოთ, მოვუწოდოთ გერმანიას, შეაჩეროს ნორდ სტრიმ 2-ის მილსადენის მშენებლობა, რადგან ახლა არ არის დრო რუსეთმა ეკონომიკური სარგებელი ნახოს."
სენატორ ჯონსონის თქმით, მას არ სურს რუსეთის სახით მტრის ყოლა. "თუმცა, ეს არის პრეზიდენტ პუტინის არჩევანი და მისი გადასაწყვეტია, ანალოგიური მოქმედების დასრულება".
“ამერიკის ხმა” ამ საკითხზე ასევე ესაუბრა დემოკრატ კანონმდებლებს, კონგრესმენ ბილ კიტინგს (მასაჩუსეტსი) და კონგრესმენ ტომ მალინოვსკის (ნიუ-ჯერსი). კანონმდებლებს მიაჩნიათ, რომ ამ საქმეში ვლადიმირ პუტინის როლი იკვეთება და შეერთებული შტატების კონგრესს და ადმინისტრაციას ამ საქმეზე ძლიერი ორპარტიული რეაგირება მართებს.
კონგრესმენმა კიტინგმა თქვა: “ვფიქრობ, ეს საკმაოდ სერიოზულია და ვფიქრობ, ამას ორი კუთხიდან უნდა შევხედოთ, ერთია ოპოზიციის ხმაზე პირადი თავდასხმა და მეორეა სხვა განზრახვა, რომ თავისუფალი სიტყვის ნებისმიერი ფორმა ჩაიხშოს. რისი იმედიც მაქვს და ვფიქრობ, რომ ასე მოხდება: იქნება ორპარტიული ხასიათის მსჯელობა, არა მხოლოდ დემოკრატების ან მხოლოდ რესპუბლიკელების, არამედ ერთობლივი მსჯელობა და შემუშავდება ერთი მთლიანი ორპარტიული პასუხი და რეკომენდაციები. არ მინდა წინასწარ ვილაპარაკო მანამ, სანამ ჩემი აზრით, კონგრესის წევრების ორპარტიული კოალიცია და ასევე იმ ადამიანების ჯგუფი აწონ-დაწონის, თუ ამას როგორ მივუდგეთ, მაგრამ ვფიქრობ, საუკეთესო შედეგის მისაღწევად, მნიშვნელოვანია ევროპაში ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ვიმოქმედოთ."
კონგრესმენ მალინოვსკის მიაჩნია, რომ დამსჯელი სანქციები უნდა დაწესდეს. მისი თქმით, ეს ან პუტინმა შეუკვეთა, ან რუსეთის სამართალდამცავმა, ან სადაზვერვო აპარატმა გააკეთა, რადგან ფიქრობდნენ, რომ პუტინს ესიამოვნებოდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ამაზე პასუხისმგებელი ის არის. თუ საქმე ამ უკანასკნელ შემთხვევასთან გვაქვს, ის არის პასუხისმგებელი იმ შთაბეჭდილების შექმნაზე, რომ ასეთი ქმედება მას ესიამოვნებოდა. მას ნამდვილად შეუძლია ნათელი და შეუმცდარი სიგნალები გაუგზავნოს სხვადასხვა მოქმედ პირებს რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების ორგანოებში, რომ დისიდენტებზე თავდასხმა, იქნება ეს ქიმიური აგენტით, ტყვიით თუ რაიმე სხვა გზით, შეუწყნარებელი დანაშაულია. მას რომ ეს გაეკეთებინა, ასეთი რამ არ მოხდებოდა” - აცხადებს კონგრესმენი მალინოვსკი.
რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით, გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ ის საბჭოთა სტილის ნერვული აგენტით, “ნოვიჩოკით” არის მოწამლული. ეს იგივე ძლიერმოქმედი საწამლავია, რომელიც ცოტა ხნის წინ, რუსმა აგენტებმა მამა-შვილ სკრიპალების წინააღმდეგ, ბრიტანეთში გამოიყენეს. მოსკოვი ნავალნის მოწამვლის ბრალდებას არ აღიარებს და მის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საფუძველს ვერ ხედავს.
Facebook Forum