ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

RFE/RL: ევროკავშირის საბჭომ ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას მხარი დაუჭირა


კაია კალასი - ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკის საკითხებში
კაია კალასი - ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკის საკითხებში

ევროპულმა საბჭომ 16 დეკემბრის სხდომაზე ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცესის დაწყება გადაწყვიტა.

"რადიო თავისუფლება" წერს, რომ მისი ინფორმაციით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების დღევანდელ სხდომაზე კვალიფიციურმა უმრავლესობამ (ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მინიმუმ 55%, რომლებიც მოსახლეობის მინიმუმ 65%-ს წარმოადგენენ) მხარი დაუჭირა ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცედურის წამოწყებას.

ევროკავშირის საბჭომ ევროკომისიას დაავალა, რომ ამ საკითხზე ფორმალური დოკუმენტი წარადგინოს.

"რადიო თავისუფლების" წყაროს ცნობით, ევროკომისიას ამასთან დაკავშირებით უკვე დაწყებული ჰქონდა მუშაობა და ოფიციალურ დოკუმენტს უახლოეს დღეებში წარადგენს.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ნაწილი ემხრობოდა სანქციების დაწესებას "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებისთვის. გამოცემა Politico-ს თანახმად, ამას ლობირებდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასიც, რომელიც ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს თავმჯდომარეცაა. თუმცა ამის წინააღმდეგი არიან უნგრეთი და სლოვაკეთი.

ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა კვლავ გრძელდება, თუმცა მინისტრებმა უკვე დაასრულეს მსჯელობა საქართველოს შესახებ. საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჩატარდება ოფიციალური პრესკონფერენციაც.

XS
SM
MD
LG